სამთავრობო ცვლილებები

სამადაშვილი: სერგეენკოს გადაყენება ივანიშვილმა გადაწყვიტა, პოპულარობის გამო უშვებენ

ტაბულა

ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მაღალი რეიტინგის გამო უშვებენ. 

"სერგეენკოს გადაყენება არის ივანიშვილის გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც გამოკითხვამ აჩვენა, რომ სერგეენკო ბევრად უფრო პოპულარული არის ქართულ საზოგადოებაში ვიდრე ივანიშვილი. სერგეენკო გახდა იმ გამოკითხვების მსხვერპლი, რომელმაც დაადასტურა, რომ მას ბევრად მეტი კეთილგანწყობილი ადამიანი ჰყავს ქვეყანაში ვიდრე ივანიშვილს. სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო გადაქცეული არის ივანიშვილის პირად შპს-დ ის ნიშნავს საკუთარი დაცვის უფროსს სუს-ის უფროსად, საკუთარი ექიმი ჰყავდა ჯანდაცვის მინისტრად. ახლა როგორც ჩანს შესაძლოა,იგივე გააკეთოს, მაგრამ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, შესაბამისად მარტივად სამართავი ადამიანების წამოწევა სურს",- ამბობს სამადაშვილი. 

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC-საქართველოს პოლიტიკური კვლევის შედეგების მიხედვით პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში პირველ ადგილზე (40%)ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა. სერგეენკოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს რესპონდენტთა 12%-ს

რაც შეეხება ივანიშვილს, მას უარყოფითად მოსახლეობის 39% აფასებს, დადებითად - 23%. 35%-ს მის მიმართ არც დადებითი დამოკიდებულება აქვს და არც უარყოფითი, 3%-მა არ იცის, როგორ აფასებს, 1% თავს იკავებს, კიდევ 1%-ს კი - მის შესახებ არ სმენია. 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის გადაყენებაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. თავად სერგეენკო მის გათავისუფლებას არ გამორიცხავს. როგორც მინისტრი რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს, მთავრობაში ცვლილებები პრემიერმინისტრის პრეროგატივაა და მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები, გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების გასაჯაროება პრემიერის საქმეა.

კომენტარები