ევროპული საქართველო

საპენსიო ფონდი ირმა ნადირაშვილმა და სერგო რატიანმაც დატოვეს

ევროპული საქართველოს კიდევ ორმა დეპუტატმა, სერგო რატიანმა და ირმა ნადირაშვილმა, თანაგუნდელების მსგავსად საპენსიო ფონდი დატოვეს.

რატიანმა და ნადირაშვილმა ფონდი დღეს, სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს და აღნიშნეს, რომ ისინი არ ენდობიან იმ ხელისუფლების მიერ შექმნილ სქემას, რომლის სავიზიტო ბარათიც ფულის ფლანგვა და კორუფციაა.  

"ეს არის საპენსიო ხაფანგი, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ, რომლის სავიზიტო ბარათიც არის კორუფცია და ფლანგვა, რომლებმაც უკან წაიყვანეს ეკონომიკა და ახლა უნდათ, რომ ჩვენი ჯიბიდან ამოიღონ თანხები და იმითი კვებონ თავიანთი ჩინოვნიკები. ამის სურვილი არ მაქვს. გარდა ამისა, არსებობს პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანებს აქვთ და მათ შეუძლიათ, რომ დაგეგმონ თავისი უახლოესი და შორეული მომავალი,"- ამბობს რატიანი.

"პირველ რიგში, ეს პროექტი ადამიანებს არჩევანის თავისუფლებას არ აძლევს, ეს არის ძალადობა ხელისუფლების მხრიდან ხალხზე, რომ მაინცდამაინც დაექვითოთ მათ 2%. ეს არის ადამიანებისთვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა. ეს არის ბიზნესზე ზეწოლა, ეს არის ხელის შეშლა, რომ ახალგაზრდები აიყვანონ სამსახურში. შესაბამისად, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა ეს პროექტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მახინჯი გამოცდილება, რომელიც ადრე თუ გვიან გაუქმდება,"- ამბობს ნადირაშვილი. 

ნადირაშვილთან და რატიანთან ერთად საპენსიო ფონდთან ევროპული საქართველოს კიდევ ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაც იმყოფებოდა, რომელმაც საპენსიო ფონდი, დაახლოებით, ერთი თვის წინ დატოვა. 

ბოკერია იმ სამ მთავარ მიზეზზე საუბრობს, რომლის გამოც მთავრობის მიერ შექმნილ საპენსიო სქემას იწუნებს. 

"პირველი. ეს სქემა საგადასახადო წნეხს ზრდის. ეს ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას, ხელს უშლის ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ამცირებს ჩვენი მოქალაქეების შემოსავალს. მეორე. ხალხს არ აქვს არჩევანი, სად შეინახავენ ამ ფულს, სად დააბანდებენ. მესამე. რა თქმა უნდა, არანაირი რწმენა არ არსებობს, რომ ამ მთავრობის ან თუნდაც უკეთესი მთავრობის პირობებშიც კი ამ ფულის განფლანგვის ძალიან მღალი რისკები არ არის, როცა ეს ყველაფერი მთავრობის მიერ შექმნილი ბიუროკრატიული სტრუქტურის ხელშია. 

ჩვენ გვახსოვს ანაბრები და გვახსოვს კიდევ ბევრი ისტორია, მაგრამ პირველი მიზეი მაინც მთავარია. იმ მოქალაქეთა მესამედმა, რომლებსაც სქემის დატოვება შეეძლოთ, უკვე დატოვეს ის და ჩვენ ვაგრძელებთ ამ კამპანიას, რომ სხვებმაც დატოვონ,"- ამბობს ბოკერია.

კომენტარები