საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად დევდარიანის სარჩელი დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანის სარჩელი განსახილველად არ მიიღო.

დევდარიანს ქალების სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველის დასკვნის შედეგად დაუდასტურდა. ის სწორედ ამ დასკვნის გასაჩივრების შესაძლებლობას ითხოვდა - მას მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში უნდა გაუქმდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველის რეკომენდაცია საბოლოოა და მისი გასაჩივრება არ შეიძლება. სარჩელის მიხედვით, კანონის ეს ნორმა არაკონსტიტუციურია.

თუმცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისი ეს სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. მოსამართლეების განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

"სასარჩელო მოთხოვნის ამ ფორმით დაყენება გამოწვეულია მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმით. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს, შესაბამისად, №1378 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე", - ამბობს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

ამასთან, სასამართლო ეყრდნობა პრაქტიკას და წერს, რომ "კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ განსაზღვრავს მათ შინაარსსა და მოცულობას. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს".

ზვიად დევდარიანი, რომელიც 10-მდე ქალმა სექსულურ შევიწროებაში დაადანაშაულა და ბრალდებების ნაწილი სახალხო დამცველის დასკვნაში დადასტურდა, მიიჩნევდა, რომ საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მუხლი, რომლის მიხედვით სახალხო დამცველის რეკომენდაცია საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, კონსტიტუციის 42-ე მუხლის არღვევს, რომლის თანახმად, "ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს".

"ჩვენ საქმე გვაქვს სამართლებრივ დოკუმენტთან რომელსაც პირდაპირ შეუძლია მოსარჩელე ზვიად დევდარიანის სამართლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენა. ამასთან, სამოქალაქო დავის არსებობის შემთხვევაში სახალხო დამცველის მიერ რეკომენდაციით დისკრიმინაციის მსხვერპლად მიჩნეულ პიროვნებას აღნიშნული დოკუმენტი შეუძლია გამოიყენოს ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ და ამ თვალსაზრისით რეკომენდაცია იურიდიული ძალის მქონეა. შესაბამისად სახალხო დამცველის მიერ მიღებული რეკომენდაციის ადმინისტრაციული წესით სასამართლოში გასაჩივრება და მისი მატერიალური თუ ფორმალური კანონიერების სასამართლოს გზით შემოწმება წარმოადგენს ერთადერთ შესაძლო ვარიანტს მოსარჩელეს არ დაერღვეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება", - აღნიშნულია სარჩელში.

ზვიად დევდარიანმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 დეკემბერს მიმართა, სასამართლომ კი სარჩელის წარმოებაში არ მიღების შესახებ განჩინება 2019 წლის 28 მაისს მიიღო. 

ზვიად დევდარიანის საქმე

CIDA-ს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად დევდარიანი 17 მარტს 10-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ის მედიის სატელეფონო ზარებს და შესაბამისად, არსებულ კითხვებს არ პასუხობდა. დევდარიანმა რამდენიმე საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ეს ბრალდებები მის მიმართ ზეწოლა და შანტაჟია. სიდას ყოფილ თავმჯდომარეს შევიწროებაში მხოლოდ ტაბულასთან საუბრისას 8 სხვადასხვა ქალი ადანაშაულებს.

ქალები სექსუალურ შევიწროებაზე საჯაროდ მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა. ომბუდსმენის ამ გადაწყვეტილებამ გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია. გავრცელებული ბრალდებების შემდეგ დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. 22 მარტს ზვიად დევდარიანი სიდას გამგეობამ აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან გადააყენა.

სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა.

ამის შემდეგ, ნინო ლომჯარია იმ ქალებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის განცხადებით, ქალების მონათხრობი შეიცავს როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს.

აღნიშნულ ფაქტებს სახალხო დამცველი საკუთარი ინიციატივით სწავლობდა. 2 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ 5 საქმიდან სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროება დადასტურდა, ორ შემთხვევაში კი შესწავლა მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა.

თავად ზვიად დევდარიანი მედიასთან პირველად სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე კვირაში გამოჩნდა. 3 აპრილს მან ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ პატივისა და ღირსების შელახვის გამო სასამართლოს მიმართავს. მან ბრალდებები უარყო და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ზვიად დევდარიანის ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებით ზვიად დევდარიანის სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოპასუხეები არიან: თამარ ჩერგოლეიშვილი, იდა ბახტურიძე, ბაია პატარაია, ეკა ონიანი, თამარ ყურაშვილი, ნინო დანელია, თამარ კაკაბაძე და ის 4 ქალი, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ცნობილია კონკრეტულად რა ცნობების უარყოფას ითხოვს დევდარიანი. მაგალითად, ეკა ონიანის შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა, რომ მან ცილისწამების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ფეისბუქზე დაწეროს და აქვე უარყოს "ცილისმწამებლური ცნობები" შემდეგი ფორმით:

  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი ყველა გოგოსთვის შემაწუხებელი კაცია";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის აბსოლუტურად ტვინის ტ...ა კაცი";
  • სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის მძ.....ველა";
  • "სიცრუეა, რომ ზვიად დევდარიანი არის ფსევდოუფლებადამცველი".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის გამოძიება ადევნების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

ზვიად დევდარიანის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იყო, რომელიც ახლა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანია.

კომენტარები