პანკისის ხეობა

კაპანაძე: ოპოზიციაში ამბობდით ჰესები მავნებლობააო, ახლა - ჰესების მოწინააღმდეგე მოღალატეა

მე მინდა დავიწყო პანკისის თემით, იმ უცნაური და ამავდროულად მავნებლური ნაბიჯებით, რომლებიც თქვენ გადადგით პანკისის ხეობაში, წინა კვირას, ბზობა დღეს და აჩვენეთ, რომ ერთის მხრივ იყო არათანმიმდევრული ქმედებები და მეორეს მხრივ ძალიან მავნებლური, ის რაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ გააკეთა პანკისში. რამდენიმე საკითხია, რაც ამას აჩვენებს. პირველი - რა არის საბოლოოდ თქვენი დამოკიდებულება ჰესების მიმართ, დიდი თუ პატარა ჰესების მიმართ, უნდა გაკეთდეს თუ არ  უნდა გაკეთდეს? ოპოზიციაში რომ იყავით, მაშინ ამბობდით, რომ იყო სრული მავნებლობა და არ უნდა გაკეთებულიყო, ახლა ამბობთ, რომ ვინც ჰესების მოწინააღმდეგეა მოღალატეა. რომელია საბოლოოდ? იქნებ ჩამოყალიბდეთ და კონკრეტულად აცნობოთ მოსახლეობას. მეორე - საბოლოო ჯამში ჰესების გასაკეთებლად საჭიროა თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის თანხმობა, მაღალი კვორუმით, როგორც ამას ბრძანებს ბატონი გახარია, 90 პროცენტიანით. არის საჭირო თუ არა? და ეს თუ საჭირო არის, ხუდონის შემთხვევაშიც იგივე არის თუ არა? და თუ საჭირო არის, იქნებ მანამდე გაარკვიოთ ხოლმე სანამ სპეცრაზმს და პოლიციას შეიყვანთ და მერე არ მოგიწიოთ ხოლმე რეაგირება. მესამე - სპეცრაზმი საერთოდ რატომ შეიყვანეთ, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ და ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ ვარ მომხრეები სპეცრაზმის მიმართ ძალა იქნას გამოყენებული, ქვები ნასროლი და სხვა., სპეცრაზმი იმ ძალიან სენსიტიურ რეგიონში რატომ შეიყვანეთ, არ იცით რა დამოკიდებულება აქვს ადგილობრივ მოსახლეობას სპეცრაზმის და ზოგადად ძალოვნების მიმართ? მათ შორის თქვენი შეცდომების გამო, რომელიც ბოლო პერიოდში იყო დაშვებული, მაჩალიკაშვილის საქმეს ვგულისხმობ. თუ სპეცრაზმი რომ შეგყავთ ამას მერე ძალადობა რომ მოჰყვება და სპეცრაზმმა ძალა რომ უნდა გამოიყენოს ეს არ იცოდით წინასწარ? ახლა რომ კიდევ ემუქრებით მოსახლეობას, რომ ყველას წინააღმდეგ იქნება სასჯელი გამოყენებული, ვინც ქვებს ისროდა და ეს შეიძლება ლეგიტიმური მიდგომაც იყოს, მაგრამ ხომ კარგად გესმით თქვენ თვითონაც, რომ ამას ვერ გააკეთებთ? გამოდის ის, რომ ერთის მხრივ აჩვენებთ სისუსტეს, მეორეს მხრივ აჩვენებთ არათანამიმდევრულობას, მესამე მხრივ აჩვენებთ, რომ ხართ ძალიან უსამართლო და რაც მთავარია აჩვენებთ იმას, რომ თქვენს არც სიტყვას და არც საქმეს არანაირი ფასი არ გააჩნია და ესაა ჯამში რაცაა ყველაზე მავნებლური სახელმწიფოს მხრიდან.

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე პარლამენტში საუბრისას.

კომენტარები