გურამ კაშიას დაბრუნება

"ჩემს მნიშვნელობას ყოველთვის ვგრძნობდი" - "ვიტესმა" გურამ კაშიას ვიდეო მიუძღვნა

გასულ უქმეებზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან გურამ კაშიას არნემში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს. 31 წლის ფეხბურთელი "ვიტესში" 2010-2018 წლებში წარმატებულად თამაშობდა, რის გამოც ადგილობრივმა გულშემატკივრებმა ის განსაკუთრებულად შეიყვარეს.

კაშიას ვიზიტის შესახებ, "ვიტესის" ოფიციალურმა გვერდმა სპეციალური ვიდეო მოამზადა, სადაც ქართველი ფეხბურთელი არნემში გატარებულ პერიოდზე საუბრობს:

"ამ ქალაქში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ჰოლანდიაში დაბრუნება ყოველთვის სასიამოვნოა. არნემში ირმების პარკი ჩემი სახელობის გახდა. თანაც, ყველაზე ხნიერ და გამოცდილ ირემს გურამი დაარქვეს. ეს სასიამოვნოა, რადგან არნემში ჩამოსასვლელად კიდევ ერთი მიზეზი მექნება.

"ვიტესში" ყოფნისას ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ჰოლანდიის თასის ფინალი იყო. ის დღე კლუბის ისტორიაშიც გამორჩეულია. ტიტული მოვიგეთ და ამით ყველა გავახარეთ. ეს "ვიტესისთვის" პირველი ტიტული იყო და ჩემს კარიერაშიც განსაკუთრებულად დარჩება.

აქ თავს ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობდი და სწორედ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც "ვიტესში" ამდენი წელი გავატარე. ეს ყველაფერი ყველა მწვრთნელის, მთელი მენეჯმენტის და ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, რომლებიც ვიტესში მუშაობდნენ. ყოველთვის ვგრძნობდი ჩემს მნიშვნელობას და ამის გამო, "ვიტესში" დიდ ხანს დავრჩი.

რით დავიმსახურე არნემელთა ამხელა სიყვარული? ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ ვიცი. ალბათ იმით, რომ ყოველთვის თავდაუზოგავად ვთამაშობდი. გულშემატკივრებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ვგრძნობდი, რომ ხალხი მენდობოდა. მათ იმედს არასდროს გავუცრუებ".

კომენტარები