არჩევნები 2018

ხოშტარია: პროპორციული სისტემის არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიული ამოცანაა

ტაბულა

“დღეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის არა რომელიმე პარტიის ინტერესში, არამედ, ჩვენი ქვეყნის ისტორიული ამოცანაა”- განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. ის “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, რომ ოპონენტებთან  მომდევნო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე იმსჯელოს.

’’მინდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ და მათ შორის ვიცე-სპიკერის გუშინდელ განცხადებას, სადაც ისინი საუბრობდნენ, რომ თურმე არ აპირებენ ოპოზიციასთან ილაპარაკონ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე. პირველ რიგში, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აბსოლუტურად არანაირი სიგნალი არ მიუღიათ საზოგადოებისგან; საზოგადოებისგან, რომლის ძალიან დიდი ნაწილი საპროტესტოდაა განწყობილი. საზოგადოება უკმაყოფილია „ქართული ოცნების“ უკონტროლო და ერთპიროვნული მმართველობით. მათ ვერ გაიგეს, რომ ყველა, მინუს „ქართული ოცნება“, მთელი საზოგადოება ელოდება ისეთი ტიპის არჩევნებს და ისეთი ტიპის ხელისუფლების ცვლილებას, სადაც ვერავინ იქნება შეუზღუდავი, უკონტროლო და მით უმეტეს ერთი ადამიანის სურვილით მოქმედი პოლიტიკური ძალა." - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზეც ისაუბრა, მისი თქმით, არჩევნების პროპორციული სისტემა გარანტია იქნება თითოეული მოქალაქისთვის, რომ კონკრეტული პირები და პარტიები ვერ მოიპოვებენ შეუზღუდავ ძალაუფლებას.

 “კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის რომელიმე  კონკრეტული  პოლიტიკური პარტიის ინტერესში, ეს არის მთლიანად  პოლიტიკური პროცესის ინტერესში. პოლიტიკურმა პროცესმა დიდი  დარტყმა მიიღო დღევანდელი სისტემის ტიპის არჩევნებით, ეს საერთაშორისო შეფასებებშიც ძალიან მკაფიოდ წერია. პროპორციული სისტემის არჩევნები ნებისმიერი მოქალაქისთვის იქნება გარანტია, რომ ვერც ერთი პარტია, პოლიტიკოსი და ცალკე აღებული ადამიანი ვერ შეძლებს იყოს შეუზღუდავი. ჩვენ გვექნება დაბალანსებული  ძალაუფლება, დაბალანსება სხვადასხვა ძალთა შორის, ყველა საზოგადოებრივ ჯგუფს ეყოლება  წარმომადგენელი პარლამენტში.”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომენტარები