ნარკოდანაშაული

105 აბი სუბოქსინი და ჰეროინი - სარფის საბაჟოზე ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ჩხრეკისას ჰეროინი და 105 აბი სუბოქსინი ამოიღეს.

"პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1975 წელს დაბადებულმა მ.დ.-მ, სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი უკანონოდ შემოიტანა. სამართალდამცველებმა ბრალდებული აჭარაში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია: 105 აბი "სუბოქსინი" და ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები