არჩევნები 2018

"ამ არჩევნებზეც შსს სრულად ნეიტრალური იქნება" - გახარიამ და ჟვანიამ მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ პრეზიდენტის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ძირითადი მიზანი გახლავთ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო საქმიანობა და, რა თქმა უნდა, ამ არჩევნების დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად ნეიტრალური იქნება. ჩვენთვის, ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია მშვიდ გარემოში ჩატარებული საარჩევნო პროცესი და არჩევნები. ეს მემორანდუმი იმას ითვალისწინებს, რომ ჩვენი თანამშრომლები, პოლიციის წარმომადგენლები და საერთოდ, სამინისტროს წარმომადგენლები კვალიფიკაციას აიმაღლებენ, რათა შესაბამისად და წარმატებით გაართვან თავი ამ ამოცანებსა და გამოწვევებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის გარანტი იმისა, რომ მშვიდ გარემოში, წარმატებულად ჩავატაროთ არჩევნები, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ" - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

"ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც გახლავთ არჩვენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება. ჩვენ 2016 წელს დავიწყეთ ეს ერთობლივი ინიციატივა, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი IFES -ისა და USAID-ის ხელშეწყობით და უკვე მესამე წელია ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვთანხმდებით. უნდა აღვნიშნო, რომ უსაფრთხოება მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს საკუთარი კონსტიტუციური ნების თავისუფალ გარემოში გამოხატვის საშუალება. ჩვენ სწორედ ამას უზრუნველყოფთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. ვატარებთ სწავლების ერთობლივ პროგრამებს და უნდა აღვნიშნო, რომ შარშან, მაგალითად, სწორედ ჩვენი ერთობლივი საქმიანობის შედეგი იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, რომ არჩევნების დღეს, 2017 წლის არჩევნების შემდეგ, არც ერთი ძალადობრივი ფაქტი არ დაფიქსირებულა" - ამბობს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.

კომენტარები