კრიმინალი

შსს: პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, წერეთლის გამზირზე ორი მამაკაცი არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგობა გაუწია მათ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აკაკი წერეთლის გამზირზე გვიან ღამით პატრულირების დროს, "დინამო-არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთშელაპარაკება ჰქონდათ. პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა რ.შ. და თ.ძ. არ დაემორჩილნენ პატრულ-ინსპექტორების - ალექსანდრე ხუჭუას და მალხაზ ხუფენიას კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარის შედეგად, პატრულ-ინსპექტორი ალექსანდრე ხუჭუა ჯანმრთელობის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული რ.შ. და 1981 წელს დაბადებული თ.ძ. პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ, ასევე, დააკავა ინცინდენტში მონაწილე სამი პირი - 1989 წელს დაბადებული გ. ბ., 1979 წელს დაბადებული ჯ. ნ., 1984 წელს დაბადებული თ. ს. უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი დაკავებული არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები