კაპანაძე: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გარდაცვლილი ადამიანები არიან შეყვანილი

მეორე არხი

ევროპული საქართველოს წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ტატუნაშვილის-ოთხოზორიას სიას მთავრობა უპასუხისმგებლოდ მიუდგა, რადგან სიაში გარდაცვლილი ადამიანები არიან შეყვანილი. როგორც ცნობილია სიაში ასევე არ არიან შეყვანილი რუსეთის საოკუპაციო სტრუქტურების წარმომადგენლები. ევროპული საქართველო მოუწოდებს ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს სიას.

"ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს სიას და განავრცოს ის, შეიყვანოს მასში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და ეს პასუხისმგებლობა იყოს უფრო მეტი, ვიდრე არის დღეს. ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ერთერთი გამოვლენა არის, რომ სიაში სამწუხაროდ ასევე არიან შეყვანილი ადამიანები, რომლებიც არიან გარდაცვლილები. ესეც მეტყველებს იმაზე, თუ როგორი არასერიოზული იყო მათი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სია. ეს არის სია, რომელიც კონკრეტულ გზავნილს აგზავნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ან არღვევენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს ან შეიძლება მომავალში დაარღვიონ, რათა მათ კარგად გაიგონ, რომ ამის გამო მოუწევთ როგორც პოლიტიკური, ისე კონკრეტული ფასის გადახდა.“ - ამბობს სერგი კაპანაძე.

სერგი კაპანაძე მთავრობას სიის დაგვიანებით გამოქვეყნების გამოც აკრიტიკებს, სია 15 ივნისამდე უნდა ყოფილიყო წარდგენილი. კაპანაძის თქმით, ვეროპული საქართველო აგრძელებს მუშაობას, რომ ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც მოხვდნენ ამ სიაში, მეორე მხრივ, ამ სიამ მოიპოვოს მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორებში.

"გუშინ საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელშიც მას დავალებული ჰქონდა, რომ შეეყვანა ის ადამიანები ვინც არიან პასუხისმგებლები საქართველოს მოქალაქეების მკცლელობაზე, არაჰუმანურ მოპყრობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ინიციატივა  ევროპულმა საქართველომ დააყენა ჯერ კიდევ თებერვალში, შემდეგ მარტში იქნა მიღებული რეზოლუცია, ჩვენი ძალისხმევის შედეგად და ეს ვალდებულება აქედან გამომდინარე აიღო მთავრობამ. პირველ რიგში სამწუხაროა ის, რომ მთავრობამ დააგვიანა ამ სიის წარმოდგენა, რადგან მათ ჰქონდათ ვალდებულება, რომ 15 ივნისამდე წარმოედგინათ და მხოლოს 26 ივნისს გააკეთეს ეს. ეს არ არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ამ სიასთან დაკავშირებით ჩანს. სამწუხაროდ, ამ სიაში არ არის შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არცერთი მოქალაქე. კერძოდ, არ არიან შეყვანილი “ეფ-ეს-ბეს“ ადგილზე არსებული “გერეუს“ და ზოგადად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს და ხშირ შემთხვევაში არიან პასუხისმგებელნი არა მარტო ამ დანაშაულების ჩადენაზე, არამედ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებაზე. არცერთი ასეთი ადამიანი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში არ მოხვდა. ჩვენ, ევროპული საქართველო გავაგრძელებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც მოხვდნენ ამ სიაში, მეორე მხრივ, ამ სიამ მოიპოვოს მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებში. ჩვენი კონკრეტული ძალისხმევით ევროპარლამენტის რეზოლუციაში იქნა აღნიშნული მოწოდება ევროკავშირის ქვეყნებისადმი, რომ მათ ამ სიაში მყოფი ადამიანები ასევე შეიყვანონ თავიანთ სანქცირებულ ადამიანთა სიაში.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა ევროპული საქართვლოს ინიციატივა იყო. სია მას შემდეგ შეიქმნა რაც, ახალგორიდან დევნილი, სოფელ წილკანში მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს და წამების მოკლეს.

სია მთავრობას გუშინ წარადგინა და მასში 33 ადამიანი არის შეყვანილი.

დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" 33 პირის შეყვანის ფაქტს გამოეხმაურა. დე ფაქტო უწყებამ საქართველოს მთავრობის ამ ნაბიჯს დესტრუქციული უწოდა და პასუხისმგებლობა ჟენევის მოლაპარაკებების შესაძლო ჩაშლაზე, პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს დააკისრა. 

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც წერია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს შავ სიაში შეიყვანონ ის პირები, რომლებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შევლენ. ასევე მათ მიმართ შემოღებული იყოს ევროკავშირის მასშტაბით სანქციები.

კომენტარები