UNICEF: საქართველოში ბაღებში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობაა მიმოხილული. კვლევაში წერია, რომ განათლების პერსონალი არ იცნობს სტანდარტებს და არ მიუწვდება ხელი დამხმარე რესურსებზე და ასევე პრაქტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ სტანდარტებს იყენებენ, სრულად არ იცნობენ მის შინაარსსა და პრინციპებს.

"საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) ახალი საგანმანათლებლო სტანდარტები ფოკუს ჯგუფებმა გამოავლინა, რომ სტანდარტები და შესაბამისი რესურსები სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სამსახურებისთვის მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ხელმისაწვდომია. თუმცა, ზოგიერთი მათგანი არ ფლობს ინფორმაციას სტანდარტებისა და დამხმარე რესურსების შესახებ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ბავშვთა ადრეული აღზრდისა და განათლების პერსონალი არ იცნობს სტანდარტებს და არ მიუწვდება ხელი დამხმარე რესურსებზე. გარდა ამისა, ხშირად, საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელმა არ იცის ახალი სტანდარტების შესახებ (მაგალითად, სპეც. პედაგოგები, ფსიქოლოგები) და მშობლები არ იცნობენ იმ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლითაც სკოლამდელი დაწესებულებები მუშაობენ. ამასთან, კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ის პრაქტიკოსები, რომლებიც აცხადებენ, რომ სტანდარტებს იყენებენ, სრულად არ იცნობენ მის შინაარსსა და პრინციპებს." - წერია კვლევაში.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში ბაღებში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. ასევე ბაღების უმრავლესობა 10 ლარზე ნაკლებს ხარჯავს თითო ბავშვზე ყოველ წელს საგანმანათლებლო რესურსებზე. 

" სკოლამდელი განათლების სფეროში ბაკალავრიატის დონეზე სპეციალიზებული მომზადების ნაკლებობისა და კონკრეტული კურიკულუმების შესახებ ტრენინგების არარსებობის გამო, აღმზრდელები, ყურადღებას უმეტესწილად იმ კონკრეტული აქტივობების „ბრმად“ განხორციელებაზე ამახვილებენ, რომლებიც მაგალითების სახით არის შემოთავაზებული დამხმარე სახელმძღვანელოებში და არ აქვთ გაცნობიერებული ის პედაგოგიური მიდგომები, რომლებსაც საგანმანათლებლო სტანდარტები და კურიკულუმი ეფუძნება. საგანმანათლებლო მასალები კვლევამ გვიჩვენა, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში ბავშვის განვითარებისა და სწავლის ხელშემწყობი რესურსების სიმწირეა. ზოგიერთ შემთხვევაში, ამგვარი რესურსების მოტანის პასუხისმგებლობა მშობლებს ეკისრებათ, ზოგჯერ კი, აღმზრდელი მათ საკუთარი ფულით იძენს, რადგან სათამაშოებისთვის, ხარჯვადი რესურსებისთვის (როგორიცაა ფანქრები, ქაღალდი და სხვ.), წიგნებისა და სხვა საგანმანათლებლო მასალისთვის ბიუჯეტი თითქმის არ არსებობს. ამ რესურსებზე თითო ბავშვზე ყოველწლიურად მინიმალური თანხა იხარჯება: 56 მუნიციპალიტეტიდან მიღებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ მუნიციპა­ლიტეტების 62.5% 10 ლარზე ნაკლებს ხარჯავს თითო ბავშვზე ყოველ წელს საგანმანათლებლო რესურსებზე (ზოგიერთი მათგანი მხოლოდ 0.73 და 1.11 ლარს ხარჯავს)."- წერია კვლევაში.

კვლევა ერთობლივად ჩაატარეს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC), საერთაშორისო კონსულტანტის ხელმძღვანელობით. მეთოდოლოგია მოიცავდა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დარგის ანალიზს პოლიტიკის დონეზე (ეროვნული სტანდარტების გან­­ხილვა, ინტერვიუები პოლიტიკის შემქმნელებთან და ფოკუს ჯგუფები ძირითად მონაწი­ლე მხარეებთან), ყველა მუნიციპალიტეტის (64) რაოდენობრივი გამოკითხვა და 22 ფოკუს ჯგუფი სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში (სულ 124 მონაწილე, მათ შორის, სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერები, აღმზრდელები, სპეციალური პედაგოგები, ფსიქოლოგები, მეთოდისტები, მშობლები, ლექტორები).

 

კომენტარები