ევროპული საქართველო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის შემნას ითხოვს. პარტიის წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, სასწრაფოდ უნდა შეიმნას კომისია და მთავარი პროკურორი უნდა დაიბარონ საკანონმდებლო ორგანოში.
"ეს ის მომენტია როდესაც პარლამენტი გადამწყვეტად უნდა ჩაერიოს ამ საქმეში, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანი [ზაზა სარალიძე] საუბრობდა პროკურატურის მხრიდან სერიოზულ ხარვეზებზე, ჩვენ აქ არ გვინდა სპეკულაცია, კონკრეტულად რა და როგორ იყო, ჩვენ ეს ვერ გვეცოდინება. მაგრამ საუბრობდა, რომ მას აქვს ეჭვი, რომ ვიღაცას აფარებენ ხელს და შედეგად ჩვენ მივიღეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამ ადამიანს ისედაც დაჩაგრულს სახელმწიფოს მხრიდან, ეუბნება, რომ შენი შვილის მკვლელი არ არსებობს. შევხედოთ ამ ადამიანის თვალით და ზოგადად მოქალაქის თვალით, რა მდგომარეობაშია და როგორ გრძნობს დღეს ის თავს სახელმწიფოს წინაშე. ადამიანი, რომელიც ეძებდა სამართალს, რომელსაც ვეუბნებოდით მოდით ასე ვიპოვოთ, ისე ვიპოვოთ, არათუ არაფერი არ გავაკეთეთ, პირიქით სილა გააწნა დღეს პროკურატურამ პირველ რიგში, რომელიც ეუბნება, რომ ამდენი თვის განმავლობაში შენი შვილის მკვლელი ბუნებაში არ არსებობს. ოჯახის წევრები არიან აბსოლუტურად გაოგნებულ მდგომარეობაში, მისულები პროკურატურასთან, აქვთ ძალიან ბუნებრივი ბრაზი, ეს ყველაფერი, რომ არ გადაიზარდოს უმართავ პროცესში სასწრაფოდ შევქმნათ საპარლამენტო კომისია, მივცეთ ამას ის სახე რაც უნდა მიეცეს ნორმალურ ქვეყანაში. დავიბაროთ სასწრაფოდ პროკურორი, დავუსვათ კითხვები, არავის არ მივცეთ არც სპეკულაციის საშუალება, არც ქულების დაწერის საშუალება, ვიყოთ ამჯერად ერთიანი ამ საკითხზე და გავაკეთოთ რასაც ჩვენ გვთხოვს კანონი, წესი, ადამიანობა, მორალი და რისთვისაც საერთოდ ვართ არჩეულები. შევქმნათ ეს კომისია სასწრაფოდ." - ამბობს ხოშტარია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აქციებს აანონსებს და მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს. ზაზა სარალიძის თქმით, მისი შვილის მკვლელები "დასჯილები არ არიან."





