ევროპული საქართველო ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

საქართველოს პარლამენტი

"ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ქურავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დააყენა. პარტიის წევრები ამბობენ, რომ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა ამ საქმის განხილვაში ჩაერთოს საქართველოს პარლამენტი. ქართული ოცნების წევრები კი ოპოზიციას პასუხობენ, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.

"არანაირი შეუთავსებლობა იმასთან დაკავშირებით რომ საქმის განხილვა შეიძლება სააპელაციოში გაგრძელდეს არ არსებობს. არაფრით შეზღუდული პარლამენტი არ არის რომ ვერ შექმნას დღესვე საგამოძიებო კომისია. დასრულდა პირველი ინსტანცია და დასრულდა ის პროკურატურის კრახით", - ამბობს გიორგი კანდელაკი.

"ყველა ერთად ვიყოთ ერთიანი და რასაც ჩვენ გვთხოვს კანონი, წესი, ადამიანობა, მორალი ყველაფერი ის, რისთვისაც ვართ არჩეულები. სასწრაფოდ შევქმნათ საგამოძიებო კომისია. დღეს საუბარი რომ პროკურატურამ რაღაც თქვა, სააპელაციოში შევიტანთ და საკითხის სამომავლოდ გადატანაზე არ შეიძლება, აფეთქდება. ამიტომ მოგმართავთ ამ საგანგებო რეჟიმში გავიტანოთ საკითხი, მოვიწვიოთ კომისია და დავიბაროთ პროკურორი,"- ამბობს ელენე ხოშტარია. 

"არ მეგულება ვინმე, რომ არ გრძნობდეს ერთ რამეს - აუცილებლად გადავა ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში, უნდა თუ არ უნდა რომელიმე ჩვენგანს. არის მეორე სირთულე - პროკურატურაზე არ არის მხოლოდ საქმე დამოკიდებული, სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელსაც პროკურატურა არ სცნობს. ვფიქრობ, ამ თემას სერიოზულად უნდა დავუბრუნდეთ მას შემდეგ, რაც მეორე სასამართლო, გასაჩივრების შემდეგ განიხილავს საკითხს", - ოპოზიციას პასუხობს გია ვოლსკი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აქციებს აანონსებს და მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს. ზაზა სარალიძის თქმით, მისი შვილის მკვლელები "დასჯილები არ არიან." 

კომენტარები