ინტერვიუ მარკ ლანკასტერთან

ინტერვიუ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების სახელმწიფო მინისტრთან

ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალების სახელმწიფო მინისტრთან მარკ ლანკასტერთან ინტერვიუ ჩაწერა. ის საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია. 
 

რა არის საქართველოში თქვენი ვიზიტის მიზანი?

თავდაცვისა და უსაფრთხოების განხრით დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ახლო თანამშრომლობის უპირატესობა ნათელია. საქართველოს მე ძირითად მოკავშირედ ვხედავ რთულ რეგიონში. ბრიტანეთი აღიარებს საქართველოს დიდ ძალისხმევას თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების რეფორმირებაში და ხელს უწყობს მისი შესაძლებლობების ზრდას. ჩემი ვიზიტი, ისევე როგორც ოქტომბერში თავდაცვის მინისტრის იზორიას ვიზიტი ლონდონში, არის გაერთიანებული სამეფოს და საქართველოს უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ნაწილი.

2018 წელი მნიშვნელოვანი წელია - საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავი და რუსეთთან 2008 წლის კონფლიქტის მეათე წელი. მეზობლის მხრიდან აგრესიის მიუხედავად, საქართველო დიდ ბრიტანეთის ახლო მოკავშირედ დარჩა, სოლიდარობა გამოთქვა და რუსეთის დიპლომატების საერთაშორისო გაძევებას შეუერთდა.

ხუთშაბათს, მე ასევე ვეწვიე ბრიტანეთის სამხედრო გემს „დუნკანს“, ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების ფლაგმანს, რომელიც საქართველოში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ფარგლებში იმყოფებოდა და შავ ზღვაში უსაფრთხოების გაძლიერებას უწყობს ხელს. ბრიტანეთს დიდი წვლილი მიუძღვის რეგიონის უსაფრთხოების დაცვაში და ჩემთვის სასიხარულო იყო ფოთში ბრიტანეთის სამხედრო ხომალდის ხილვა.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრ იზორიას მივმართე, ჩვენ ევროპელი მეგობრები და პარტნიორები ვართ და საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის მცდელობას შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს. საქართველოს უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა.

როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ტყვეობიდან გათავისუფლებული ერები დემოკრატიის გზას დაადგნენ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ არა, რომ ისინი დასავლურ ღირებულებებს იზიარებდნენ. ისინი დემოკრატიის გზას დაადგნენ იმიტომ, რომ დასავლეთს გამარჯვებულ ძალად აღიქვამდნენ. დასავლეთი წარმატებული იყო, რადგან მას სიძლიერესთან აიგივებდნენ. არსებობს სერიოზული საფუძვლიანი მტკიცებულება იმისა, რომ ძალაუფლების ბალანსი ავტოკრატიული, ულტრა-ნაციონალისტური, არაკონტროლირებადი რეჟიმისკენ ინაცვლებს. ცივი ომის შემდგომ არსებული  წესრიგი დაირღვა - საქართველოს მეხუთედი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, უკრაინის ნაწილი რუსეთის მიერ არის ანექსირებული, მაგრამ პუტინი ამით არ დაკმაყოფილდა, ის დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ მიდის, საფრანგეთის ულტრა-ნაციონალისტებს აფინანსებს, აშშ-ს საშინაო პოლიტიკაში ერევა, სირიაში იჭრება - დასავლეთში მიგრანტების კრიზისია - კიდევ ერთი ნაყოფიერი ნიადაგი დემოკრატიის შესაფერხებლად. როგორ ფიქრობთ - ეს რეალობაა თუ მხოლოდ აღქმა?

ბოლო წლებში დავინახეთ, რომ რუსეთი სულ უფრო უტიფარი და უგუნური ხდება, მტრულ და მავნებლურ ქმედებებს მიმართავს როგორც დასავლეთში, ისე მთელს მსოფლიოში. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავუშვათ შეცდომა, არ უნდა წავიდეთ გადამეტებული ძალის გამოყენების რისკზე, რომ არ დავარღვიოთ საერთაშორისო ნორმატიული წესრიგი.

თუ გადავხედავთ მონაცემებს - რუსეთში მშპ-ს ზრდა დასავლეთისას ბევრად ჩამორჩება, რუსეთის გონებრივი რესურსი მწირი ხდება, ნიჭიერი ადამიანები ქვეყანას ტოვებენ, სრულიად არაკონკურენტუნარიანი ეკონომიკა დამოკიდებულია ნავთობისა და გაზის შემოსავლებზე. ჩანს, რომ კრემლი ძალაუფლების იმიჯს ქმნის, რათა ხალხს ყურადღება გადაატანინოს, დაავიწყოს რუსეთში არსებული ძირითადი პრობლემები და რომ რეჟიმს არ აქვს ამ პრობლემის გადაწყვეტის გეგმა.

ამასობაში ნატო კვლავ რჩება ისტორიაში ყველაზე წარმატებულ თავდაცვით ალიანსად. ერთობლივი რეაგირება სკრიპალების მოწამვლაზე გვიჩვენებს ჩვენს სიმტკიცეს და მზადყოფნას იმისათვის, რომ რუსეთმა პასუხი აგოს თავის უკანონო ქმედებებზე.

პუტინის ამბიცია გლობალური მასშტაბით რუსეთის გავლენის გაფართოებაა - იგი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფაა. თავის მიზნის მისაღწევად მისთვის მნიშვნელოვანია, არ დაუშვას რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან დემოკრატიის განვითარება, რადგან აყვავებული დემოკრატიის შევიწროვება და რუსეთის ვასალ სახელმწიფოდ გადაქცევა ძნელია, თუ შეუძლებელი არა. იმისათვის, რომ რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებში დემოკრატია აყვავდეს, ისინი დაცული უნდა იყვნენ რუსული აგრესიისგან, მაგრამ როგორც ვხედავთ, რუსეთი დე-ფაქტო ვეტოს უფლებას იყენებს ნატოს გავლენის გავრცელებაზე მსოფლიოს ამ ნაწილში.

დიდი ბრიტანეთი კვლავ ნატო-ს ღია კარის პრინციპის ერთგულია: ნატო-ში გაწევრიანება შეუძლია ყველა ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომლებიც ალიანსის ღირებულებებს იცავენ და ხელს უწყობენ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. საქართველომ თავისი გზა აირჩია და მესამე ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე.

მე კვლავ გავიმეორებ, რომ ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

ნატომ უნდა გააგრძელოს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანებისთვის და იმუშავებს ჩვენს მოკავშირეებთან, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველოს ნატოსადმი ერთგულება და მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში აღიარებული და დაფასებული იყოს.

ჩვენ ასევე ველით ნატოში განხილვას იმის თაობაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ერთად შემუშავებული წინადადებები შეიძლება იქცეს რეგიონის სტრატეგიული და მდგრადი მიდგომის ნაწილად და საქართველოს ალიანსში შემდგომი ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცეს.

როგორ ხედავთ ნატოს მომავალს და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებს?

მომავალში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, ნატომ კვლავ შესთავაზოს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერას და მოკავშირეებთან მუშაობას, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველოს ნატოსადმი ერთგულება და მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში აღიარებული და დაფასებული იყოს.

ჩვენ ასევე ველით ნატოში განხილვას იმის თაობაზე, თუ როგორ შეგვიძლია გავაძლიეროთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში ისე, რომ ეს სასარგებლო იყოს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირება და რეგიონალური უსაფრთხოების გაძლიერება. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ერთად შემუშავებული წინადადებები რეგიონის სტრატეგიული და მდგრადი მიდგომის ნაწილად იქცევა.

რუსეთის დომინირების მისაღწევად, პუტინი ძალაუფლების სრულ სპექტრს იყენებს. მის მოქმედებას „ჰიბრიდულ ომს“ უწოდებს. ეს მოიცავს: ა) მძიმე, სამხედრო ძალას, ბ) დივერსიულ დაზვერვას, გ) ეკონომიკურ ზომებს, დ) დეზინფორმაციას.

მიგაჩნიათ თუ არა, რომ დასავლეთი პროპორციულ ზომებს იყენებს საპასუხოდ? როგორ აღწერდით დასავლეთის პასუხს?

არსებითად, დასავლეთი ერთიანია და თავის ღირებულებების ერთგულია, რაც გულისხმობს მშვიდობიან თანამშრომლობას და წესების საფუძველზე შექმნილ საერთაშორისო სისტემას. ალიანსში ჩვენ ვზრდით ხარჯებს, ნატო-ს მოკავშირეებმა კი უკვე დახარჯეს გლობალური თავდაცვის ხარჯების 50%. დიდ ბრიტანეთში თავდაცვაზე მშპ-ს 2% -ს ვხარჯავთ. ჩვენ ვხედავთ ცვალებად საფრთხეებს და სწორედ ამიტომ წამოვიწყეთ თავდაცვის მოდერნიზებული პროგრამა, რომელიც წელს მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი. გასულ წელს მუშაობა დაიწყო კიბერ უსაფრთხოების ცენტრმა, რათა გავუმკლავდეთ ზოგიერთ კომპლექსურ საფრთხეს და შევქმნათ მსოფლიო დონის შესაძლებლობები. დიდი ბრიტანეთი და ნატო-ში ჩვენი მოკავშირეები უსაფრთხოების ცვალებად ვითარებას ერგებიან და აძლიერებენ ძალოვან სტრუქტურებს, რომ გაუმკლავდნენ ცვალებადი ხასიათის კონფლიქტს.

კომენტარები