ნარკოპოლიტიკა

შსს: დაკავებულია 7 ნარკორეალიზატორი, ასევე ორი პირი უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულსა და ფონიჭალაში 7 ნარკორეალიზატორი დააკავეს. როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, დაკავება ბოლო 24 საათის პერიოდში მოხდა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულები არიან: 1967 წელს დაბადებული ფ.ნ., 1976 წელს დაბადებული ი.მ., 1984 წელს დაბადებული ე.ი., 1883 წელს დაბადებული ე.ი., 1975 წელს დაბადებული ი.ც., 1991 წელს დაბადებული ა.ი. და 1990 წელს დაბადებული რ.ა.

გარდა ამისა, შსს-ში ამბობენ, რომ სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური ოპერატიულ ღონისძიებები თურქეთის მოქალაქის, ჯ.ე.-ს დასაკავებლად.

"ამ პერიოდში არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რის შედეგადაც, პოლიციამ ჯ.ე. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს შემცველი "ექსტაზის" 393 აბი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს", - აცხადებენ უწყებაში.

ასევე, მათივე ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე, 1980 წელის დაბადებული ვ.ვ. უწყებაში აცხადებენ, რომ ამოღებულია 12 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბუტექსი" და 4 კაფსულა "მეტადონი".

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 8 კილომდე ჰეროინი, 1 კილოზე მეტი კოკაინი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 3 456 აბი, ასევე, 1,5 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება "მდმა" და 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებენ და უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ნარკოდანაშაულის პრევენციის, მისი დროულად გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით", - აცხადებენ შსს-ში და აღნიშნავენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და გასაღების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კომენტარები