საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგნელებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეს ულოცავს. "ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე, ასევე პოზიტივზე საუბარი" - მიმართა კვირიკაშვილმა მედიის წარმომადგნელებს.
"3 მაისი თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეა. მინდა, მოგილოცოთ მედიის წარმომადგენლებს! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უმნიშვნელოვანესი ცვლილება მოხდა მედიის თავისუფლების კუთხით. საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამ ცვლილებას ძალიან დადებითად აფასებს. 2011-2012 წლებში, პრესის თავისუფლების შეფასების კუთხით ამ ყველაზე მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციის რეიტინგში საქართველოს 105-ე ადგილი ეკავა, დღეს კი 61-ე ადგილზე ვართ. ვფიქრობ, ეს არის დიდი მონაპოვარი, რომელსაც გაფრთხილება უნდა. მინდა, თხოვნით მივმართო მედიის წარმომადგენლებს - ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე, ასევე პოზიტივზე საუბარი. ხვალინდელი დღის იმედი არის აბსოლუტურად მატერიალური. ის ამოძრავებს ეკონომიკას, ინვესტიციებს, ადამიანებს გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაზე პოზიტიურ მოლოდინებს უქმნის და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში ასეთი მოლოდინები არსებობდეს, მით უმეტეს, რომ მათ ამისთვის აბსოლუტურად ობიექტური საფუძველი აქვთ." - ამბობს კვირიკაშვილი.





