გირჩი

გირჩის წარმომადგენელი ნიკა ობოლაძე დააკავეს

გირჩის წევრი, ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე დააკავეს. შსს-ს ცნობით, ობოლაძე "ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე" დააკავეს, ხოლო პოლიციამ "სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება კანაფი" ნივთმტკიცებად ამოიღო. სამინისტროს ცნობით, ობოლაძე მოწმის სტატუსით პოლიციაში იკითხება. 

გირჩის გავრცელებული განცხადების მიხედვით, დღეს, 2018 წლის 2 მაისს, შუადღის დაახლოებით 5 საათისთვის, გირჩის ოფისის წინ, კრიმინალური პოლიციის სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა თანამშრომლებმა "უხეში ფიზიკური მოქმედებებით" სცადეს დაეკავებინათ მოქალაქე, რომელიც შედიოდა საკუთარი სამსახურის ოფისში. 

"ამ ინციდენტში ჩაერივნენ გირჩის წარმომადგენლები, რომელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, კრიმპოლის თანამშრომლებმა, რომლებმაც სატელეფონო ინსტრუქცია მიიღეს ვინმე ჯემალისგან, წაიყვანეს მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში (ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოდულის წინ), სადაც მათივე თქმით, განაცხადებდა, რომ უარს აცხადებს ნარკოლოგიურში გადაყვანაზე და გამოუშვებდნენ. სინამდვილეში კი გადაიყვანეს ნარკოლოგიურში" - ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

განყოფილებაში შეიყვანეს ობოლაძეც, რომელსაც ხელში ქოთანი ეჭირა. როგორც გირჩის წარმომადგენლები ამბობენ, მათ ქოთანი პოლიციელებთან მიიტანეს დემონსტრაციისთვის, რომ სხვების დაკავების შემთხვევაში, გირჩის წევრებიც ჯგუფურად დაეკავებინათ, როგორც ამ "დანაშაულის ჩამდენები", თუმცა მათ მხოლოდ ობოლაძე დააკავეს.

კომენტარები