არჩევნები 2018

საია: საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ

ტაბულა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის, ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საია-ს დამკვირვებლებმა ამ დროისათვის დააფიქსირეს არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა საარჩევნო უბნებზე და მათ გარე პერიმეტრზე. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ხონის #5 საარჩევნო უბანთან ერთმანეთს ევროპული საქართველოსა და ქართული ოცნების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

"დაპირისპირება კენჭისყრის შენობაში დაიწყო და საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. ჩვენი დამკვირვებლის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ევროპული საქართველოს წარმომადგენლის განცხადება გახდა, რომლის თანახმადაც, კენჭისყრის შენობაში ქართული ოცნების მხარდამჭერები აგიტაციას ეწეოდნენ. კერძოდ, ისინი აჩერებდნენ ამომრჩევლებს და ესაუბრებოდნენ. ამასთან, ორი პირი პარტიის სიმბოლიკიან მაისურს ატარებდა" - აცხადებს საია და აღნიშნავს, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. 

ორგანიზაციის ცნობით, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ.

"განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაა. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას" - აცხადებს საია და საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილ პირთა ყოფნაზეც საუბრობს.

"ვანის #6 და #9 საარჩევნო უბნებზე ერთდროულად იმყოფებოდა ევროპული საქართველოს 2 წარმომადგენელი. აგრეთვე ხონის #26 საარჩევნო უბანზე ერთდროულად იმყოფებოდა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო თანამეგობრობის 2 წარმომადგენელი. ასევე ვანის #9 უბანზე ერთდროულად იმყოფებოდა ქართული ოცნების 2 წარმომადგენელი. აღნიშნულ უბნებზე საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა და აღნიშნული ორგანიზაციებიდან უბანზე მყოფმა თითო წარმომადგენელმა საარჩევნო უბნები დატოვეს - წერია საია-ს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ვანის #19 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზეთ „საჩინოს“ სადამკვირვებლო ბეჯით იმყოფებოდა უხუთის თემიდან ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

ვანის და ხონის გაერთიანებულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.

კომენტარები