არჩევნები 2018

ცესკო: შუალედური არჩევნები მშვიდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ვანის და ხონის გაერთიანებულ ოლქში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე თქვა, რომ 60-ვე საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა. 

ცესკოს პრეს-სპიკერის თქმით, არჩევნებს 26 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 721 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 14 დამკვირვებელი აკვირდება. არჩევნების დღეს აშუქებს 19 მედიის 504 წარმომადგენელი. 

20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. 

07:00 საათიდან 00:00 საათამდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; ასევე ონლაინ ჩატი. 

"აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. დღის განმავლობაში გაიმართება 4 საინფორმაციო ბრიფინგი. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.  საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

პარლამენტის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრიან - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს კანდიდატი გივი ჭიჭინაძე, ევროპული საქართველოს კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია საქართველოს კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, ტრადიციონალისტების კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, ახალი ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატი მამუკა ტუსკაძე და საინიციატივო ჯგუფის (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი. 

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ, მათ შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ქართული ოცნების დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა. ლილუაშვილი, რომელიც ხონისა და ვანის მაჟორიტარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გახდა, ამჟამად ვახტანგ გომელაურის მოადგილეა.

კომენტარები