ოჯახში ძალადობა

ევროპული საქართველო ოჯახში ძალადობის კუთხით, კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს

ტაბულა

ევროპული საქართველო პარლამენტს, ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, ორი ახალი ინიციატივით მიმართავს. საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობის დროს მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ეფექტურად ვერ მუშაობს, ამიტომ მოძალადე 48 საათით უნდა დააკავონ. გარდა ამისა, პარტია ძალადობრივ დანაშაულებზე სასჯელის გაზრდის ინიციატივითაც გამოდის. დღევანდელ სესიაზე ამ ინიციატივების შესახებ ელენე ხოშტარიამ ისაუბრა. 

"ჩვენ გავქვს საგანგაშო სტატისტიკა ამინისტირებულების და შეწყალებულების განმეორებითი დანაშაულის და ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის სიტყვები. ჩვენ გვყავს მთელი რიგი ჯგუფები, რომლებიც წლების განმავლობაში დაუსჯელად გრძნობდნენ თავს, კონკრეტული მოძალადეები. თუ ჩვენ მთლიანობაში ეს ვითარება არ გამოვასწორეთ, ცალკე აღებულ ქალთა ძალადობას ჩვენ ვერ დავამარცხებთ. მეორე კონკრეტული პრობლემა ქალებზე ძალადობასთან მიმართებაში, არის იმ მექანიზმების რეაგირების სისუსტე, რომლითაც ჩვენ დღეს ეფექტურად ვერ ვიცავთ ქალებს. პირველი, ეს არის ფაქტი, რომ პოლიციას დღეს უჭირს შემაკავებელი ორდერებით ეფექტურად დაიცვას ქალები მოძალადისგან. მათ უჭირთ რისკების შეფასება და 25 წლის გოგოს მკვლელობაც იყო ის შემთხვევა, როდესაც პოლიციამ წინასწარ ვერ განჭვრიტა, რომ ეს მოძალადე ჩაიდენდა ასეთ სასტიკ დანაშაულს. ევროპული საქართველო გთავაზობთ, რომ შემაკავებელი ორდერის პარალელურად მოხდეს მოძალადეების 48 საათით დაკავება, რაც დაეხმარება პოლიციელებს ეფექტურ რეაგირებაში და მოაშორებს მოძალადეს პოტენციურ მსხვერპლს.  და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს სასჯელი ძალადობრივ დანაშაულზე, არ შეიძლება არაძალადობრივი დანაშაულისთვის გესჯებოდეს მეტი, ვიდრე ძალიან სასტიკი ძალადობისთვის. ზოგადად ძალადობრივი მუხლები და მითუმეტეს ოჯახში ძალადობის მუხლები არის გადასახედი, რადგან ეს არის პრევენციის საშუალება, ეს არის სიგნალი, ჩვენგან, კანონმდებლებისგან, ჩვენი დამოკიდებულებისა მსგავსი ძალადობისა და სისასტიკის მიმართ. იმედი მაქვს რომ ამ ორ ინიციატივაზე კონსტრუქციულად და შედეგიანად ვისმჯელებთ." - ამბობს ხოშტარია.

ხოშტარიას თქმით, ქვეყანაში კრიმინალის ზრდის სერიოზული პრობლემა დგას და ადამიანებში დაუცველობისა და საფრთხის განცდაც იზრდება და აუცილებელია, რომ მოძალადეებს მკაფიო სიგნალი ჰქონდეთ ხელისუფლებისგან, თუ რა არის მათი მომავალი ამ ქვეყანაში. 

"ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ მყოფ ადამიანებს, ყველას გვაკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ძალადობის მსხვერპლების მიმართ, ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომ შევთავაზოთ კონკრეტული გამოსავალი, როგორ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები, როგორ დავიცვათ ქალები, როგორ დავიცვათ ბავშვები და როგორ დავსაჯოთ მოძალადეები. ჩვენ გვისმენენ კონკრეტული ქალები, რომლებიც დღესაც არიან ძალადობის მსხვერპლები, ჩვენ გვისმენენ მოძალადეები, რომლებიც ელოდებიან თუ რა სიგნალს მისცემს სახელმწიფო და პოლიტიკური სპექტრი მთლიანად, თუ რა არის მათი მომავალი ამ ქვეყანაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავსვათ სწორი დიაგნოზი, თუ რაშია პრობლემა და შევთავაზოთ კონკრეტული გამოსავალი. ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ამ წლების განმავლობაში გვაქვს სერიოზული პრობლემა კრიმინალის ზრდის და ადამიანებში დაუცველობის და საფრთხის განცდის გაზრდის. მოქალაქეები სოფლად თუ ქალაქში ვერ გრძნობენ თავს დაცულად. მე ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ ვინმეს ბრალზე მივუთითო, არამედ იმიტომ, რომ თუ ჩვენ მთლიანობაში ამ კრიმინალურ გარემოს არ გამოვასწორებთ  და არ შევებრძოლებით, ცალკე აღებული პოლიცია, ცალკე აღებულ ოჯახში ძალადობას, ვერ მოერევა." - ამბობს ხოშტარია.

აღნიშნულ ინიციატივებს უკვე კანონპროექტის სახე აქვს, რომლესაც ევროპული საქართველო პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს. 

 

კომენტარები