გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველომ გამოთქვა სურვილი, 2030 წლის ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლოს. პრემიერმა ამის შესახებ ახალციხეში, "ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს შეტანილი აქვს განაცხადი 2023 წლის ბაკურიანში მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ჩატარებაზე.
"თქვენ იცით, თუ რა ამბიციური გეგმები გვაქვს დასახული - დავაფიქსირეთ სურვილი, რომ ზამთრის ოლიმპიადა 2030 წელს საქართველოში ჩატარდეს. ამისათვის საჭიროა, რომ აბსოლუტურად ყველა ინსტიტუციამ ურთიერთშეწყობილად იმუშაოს, რათა ეს სანუკვარი ოცნება რეალურად ახდეს. ამასთან, ჩვენ შეტანილი გვაქვს განაცხადი 2023 წლის მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატის ჩატარებაზე ბაკურიანში, ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა და ვნახოთ, ამის შესახებ გადაწყვეტილება სულ მალე გახდება ცნობილი", - თქვა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, მთავრობამ ბევრი იმუშავა სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებისთვის.30-წლიანი პაუზის შემდეგ გახსნა კურორტი მიტარბი და კოხტა-მიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტზე 48 მილიონი ლარიც დახარჯა. მისივე თქმით, კერძო ინვესტორი 70 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
მისივე თქმით, მთავრობამ ბაკურიანი დიდი მიტარბის განაშენიანების გენერალური გეგმაც დაამტკიცა, რომელიც ბაკურიანი-დიდი მიტარბის ერთიან საკურორტო კლასტერად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.





