სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმე

ლავროვი: სარკისებრი პასუხი გვექნება, იმდენივე დიპლომატს გავაძევებთ ჩვენც

Sputnik Абхазия

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ქვეყნიდან 60 ამერიკელ დიპლომატს გააძევებენ და სანკტ-პეტერბურგში აშშ-ის საკონსულოს დახურავენ. ლავროვმა აღნიშნა, რომ "საპასუხო ზომების" შესახებ, აშშ-ის ელჩს უკვე შეატყობინეს.

"სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც იქნება სარკისებრი პასუხი. იგივე რაოდენობის დიპლომატს გავუშვებთ რუსეთის ფედერაციიდან, რამდენიც მათ გამოაძევეს" - თქვა ლავროვმა.

ეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა. საპასუხოდ, იმავე რაოდენობის ბრიტანელი დიპლომატი გაუშვა ქვეყნიდან რუსეთმა.

ამის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატის გაძევების და სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვის ბრძანება გასცა. ქვეყნიდან გაძევებულებს შორის არიან ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში რუსეთის მისიის 12 წევრი.

დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის რუსული ქიმიური იარაღით მოწამვლის საპასუხოდ უკრაინა ქვეყნიდან 13 რუს დიპლომატს აძევებს. 4-4 რუს დიპლომატს გააძევებენ კანადა, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი. სამ-სამს - ჩეხეთი და ლიტვა. ორ-ორ რუს დიპლომატს აძევებენ დანია, ნიდერლანდები, იტალია, ესპანეთი და ალბანეთი. თითო-თითო რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს ესტონეთმა, ნორვეგიამ, ხორვატიამ, ფინეთმა, უნგრეთმა, ლატვიამ, რუმინეთმა, შვედეთმა და საქართველომ. 

კომენტარები