თბილისის აეროპორტი

თბილისის აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის მოხვდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
TAV GEORGIA

სტოკჰოლმში გამართულ Skytrax World Airport Awards 2018-ზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტად ზედიზედ მეხუთედ დასახელდა. 

მგზავრთა გამოკითხვის შედეგად - ბუდაპეშტის, ტალინის, კიევის ბორისპოლის, ბუქარესტის, რიგის, ბელგრადის, თბილისის, ბრატისლავას სოფიას და სკოპიეს საერთაშორისო აეროპორტები - 2018 წლის აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტად დასახელდნენ.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards“-ი მსოფლიოს 106 სხვადასხვა ეროვნების, 13 მილიონზე მეტი მგზავრის მიერ 550 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

"ტავ ჯორჯია" "TAV Airports Holding"-ის შვილობილი კომპანიაა. მან საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო და სახელმწიფოსთან მოქმედი კონტრაქტით ის 2027 წლამდე იქნება თბილისის აეროპორტის ოპერატორი. კომპანიამ პირველი ახალი ტერმინალი 2007 წელს გახსნა. 2017 წელს გაიხსნა აეროპორტის ახალი მოფრენის ტერმინალი. 

ტავი საქართველოში კიდევ ერთი - ბათუმის აეროპორტის ოპერატორია. კომპანიას ჯამში $180 მილიონზე მეტი ინვესტიცია აქვს საქართველოში განხორციელებული.

კომენტარები