ოთხოზორია-ტატუნაშვილის საქმე

პრეზიდენტი: რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი განაცხადის შეტანა აუცილებელია

Reuters

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საქართველომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ, სახელმწიფოთაშორისი განაცხადი შეიტანოს.

ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სამართლებრივი ტრიბუნა, რომლის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს აქვს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის და ავტორიტეტის მქონე ორგანოს მიერ დადასტურდეს, რომ რუსეთი დეფაქტო აფხაზეთისა და დეფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელია და სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა უფლებადარღვევაზე, რომელსაც ამ ტერიტორიებზე აქვს ადგილი", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი განცხადებით, როგორც წესი, გადაწყვეტილებას ამ საკითხთან მიმართებით იღებს მთავრობა. სარჩელი კი, იუსტიციის სამინისტრომ უნდა მოამზადოს. "ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი იქნება დასმული და განხილული, რადგან ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, ეს ტრიბუნა და ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაისვას რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ამავე აზრზე არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ევროპულ სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ, სახელმწიფოთაშორისი განაცხადის შეტანას მოითხოვენ. NGO-ები აღნიშნავენ, რომ ევროპული სასამართლოს პრაქტიკით ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სახელმწიფოს, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ტერიტორიაზე.

2016 წლის მაისში ე.წ აფხაზმა მესაზღვრემ საქართველოს მოქალაქე, 31 წლის გიგა ოთხოზორია გალის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მოკლა. ე.წ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო სამხედრო პროკურატურამ. გამოძიება დაიწყო საქართველოს კანონმდებლობითაც - ქუთაისის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. საქმეს მოჰყვა საერთაშორისო რეზონანსიც, მაგრამ რაშიდ კანჯი-ოღლი, დღესაც თავისუფალია.

2018 წლის თებერვალში კი, საოკუპაციო რეჟიმმა ამჯერად 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი მოკლა. იგი ახალგორის ტერიტორიიდან გაიტაცეს, მეორე დღეს კი, ცხინვალის ე.წ იზოლატორში მოკლეს. რუსეთის მიერ "სიღრმისეული ექსპერტიზის" ჩატარების მოტივით, ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს მხოლოდ გუშინ, მკვლელობიდან 26 დღის შემდეგ გადმოსცეს.

კომენტარები