8 მარტი

მე ვარ ქალი, მაღიარე! - ტრანსგენდერ ქალთა მხარდამჭერი აქცია იუსტიციის სახლთან

ტაბულა

მე ვარ ქალი, მაღიარე! - იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერ ქალთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ქალთა მოძრაობის ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ტრანსგენდერი ქალების მიმართ თავდასხმებს, ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფა გააპროტესტეს. 

მათი თქმით, ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რაც საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს აწუხებთ, პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურაა. 

"მართალია, ქართული კანონმდებლობით დაშვებულია პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის ცვლილება, მაგრამ პრაქტიკა ისე განვითარდა, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს იუსტიციის სამინისტრო სთხოვს სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანმა უკვე გაიარა სქესის კვლავ მინიჭების ქირურგიული ოპერაცია. რეალურად კი ამ ოპერაციის გაკეთება ბევრი ტრანსგენდერი ადამიანისთვის არასასურველი ან/და ხელმიუწვდომელია: სქესის კვლავ მინიჭების ოპერაცია ძალიან ძვირია და მას დაზღვევა არ ანაზღაურებს; საქართველოში ეს ოპერაცია არ კეთდება; ოპერაცია იწვევს სამუდამო სტერილიზაციას და ჯანმრთელობის გაუარესებას. ადამიანის იძულება, გაიკეთოს სქესის კვლავ მინიჭების ოპერაცია - არაჰუმანურია. სახელმწიფოსგან ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სტერილიზაციის მოთხოვნა სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევაა", - აცხადებს ქალთა მოძრაობა. 

პარალელურად მიმდინარეობდა ჰომოფობთა და ტრანსფობთა ჯგუფის აქცია, რომლის წევრებიც ამბობენ, რომ ლგბტ ადამიანები გარყვნილები არიან. მათ ტრანსგენდერ ქალებს და მათ მხარდამჭერებს კვერცხებიც ესროლეს. სავარაუდოდ ამის გამო დააკავეს ერთ-ერთი მათგანი, გურამ ფალავანდიშვილი. 

ტრანსფობთა ჯგუფი იუსტიციის სახლთან კონტრაქციას ქალთა მოძრაობის ორგანიზებული აქციის დასრულების შემდეგაც აგრძელებს. 

კომენტარები