მაკედონია

მაკედონია საბერძნეთს სახელის შესახებ დავის გადასაჭრელად 4 ვარიანტს სთავაზობს

Getty Images

მაკედონიამ საბერძნეთთან დავის გადასაჭრელად სახელის შეცვლის 4 ვარიანტი წამოაყენა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ზორან ზაევმა განაცხადა.

შემოთავაზებული ვარიანტებია: ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, ზემო მაკედონიის რესპუბლიკა, ვარდარის მაკედონიის რესპუბლიკა და მაკედონიის რესპუბლიკა (სკოპიე).

პრემიერმინისტრს მიაჩნია, რომ ეს ვარიანტები საბერძნეთისათვის მისაღები იქნება. მაკედონია იმედოვნებს, რომ სახელის შესახებ დავა ივნისში ევროკავშირის შეხვედრამდე და ივლისში ნატოს სამიტამდე გადაწყდება, რათა ქვეყნის ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების საკითხს ხელი არ შეეშალოს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის პროტესტის გამო 1993 წელს მაკედონია გაეროს "ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის" სახელით შეუერთდა. საბერძნეთი მეზობლის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებსაც ბლოკავდა, თუმცა ახლა ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ქვეყნების ლიდერების თქმით დავის გადაჭრის მიმართულებით პროგრესი შეინიშნება.

4 თებერვალს ათენის ქუჩებში 100,000-ზე მეტი ადამიანი მაკედონიის საკითხთან დაკავშირებით შესაძლო კომპრომისის გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციაზე ჩანდა ბანერები წარწერით "მაკედონია ბერძნულია". პოლიციის განცხადებით მომიტინგეთა რიცხვმა 140,000-სს მიაღწია.

პროსტესტი საბერძნეთსა და მაკედონიას შორის მოლაპარაკებების გაგრძელებას მოჰყვა. დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც 1991 წელს მაკედონიამ დამოუკიდებლობაა მოიპოვა. საბერძნეთი ქვეყნის მიერ ამ სახელის მიღებას ეწინააღმდეგება, რადგან ამან შესაძლოა მაკედონიის მხრიდან საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე იგივე სახელწოდების რეგიონზე პრეტენზიის გამოთქმა გამოიწვიოს. მაკედონია მსგავს განზრახვას უარყოფს.

მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ მათი მეზობლები სლავები არიან და საბერძნეთის მაკედონიასთან არავითარი ლინგვისტური და კულტურული კავშირი არ აქვთ. მაკედონიელების თქმით ისინი ძველი მაკედონიის სამეფოს ნაწილში ცხოვრობენ და მასთან კულტურული კავშირი აქვთ.

კომენტარები