ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს 19 მოქალაქე გერმანიაში არ შეუშვეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 თებერვალს საქართველოს 19 მოქალაქეს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მიეცა.

"13 თებერვალს გერმანიის ფედერალური პოლიციის მიერ სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისას (შემოწმდა ქუთაისი-მემინგენის W6 6409 ავიარეისით ჩამოსული მგზავრები) საქართველოს 19 მოქალაქის მიმართ მიღებული იქნა უარყოფითი გადაწყვეტილება და მათ არ მიეცათ გერმანიის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება. საქართველოს 10 მოქალაქე მემინგენი-ქუთაისის რეისით იმავე დღეს იქნა გაბრუნებული. საქართველოს 9 მოქალაქე გადაყვანილი იქნა ქ. მიუნხენის აეროპორტის ტრანზიტული ფრენებისათვის განკუთვნილ ნაწილში", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის მხარის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მინისტრთა კაბინეტის წევრი იოაჰიმ შტამპმა 8 თებერვალს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება მოითხოვა. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველთა ლტოლვილად დარჩენის შემთხვევები. შტამპი წარმოშობით ქართველთა კრიმინალურ საქმიანობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ დანაშაულთა რაოდენობა გაზრდილია. ამის შესახებ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ინტეგრაციის მინისტრმა რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა.

საქართველომ ანალოგიური შენიშვნა ევროკომისიისგანაც მიიღო. ანგარიშში ევროკომისია განსაკუთრებული სიმწვავით ორგანიზებულ კრიმინალში ქართველთა ჩართულობაზე მიუთითებს.

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ თემაზე გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელშიც ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, ასევე, მთავარი პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მონაწილეობდნენ.

"საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს" - აცხადებენ პრესსამსახურში.

საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 2017 წლის მარტ-დეკემბერში ის საქართველოს 170 000-მა მოქალაქემ გამოიყენა.

ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. შეჩერების მექანიზმით ისარგებლოს და ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედოს.

კომენტარები