ვენესუელა

ვენესუელაში ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა


ფოტო: Getty Images

ვენესუელაში ჰიპერინფლაციამ ეკონომიკისთვის დამანგრეველ მაჩვენებელს - 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე მკვეთრი ტემპებით უფასურდება ვენესუელური ბოლივარიც, გასულ თვეში ვალუტის კურსი 42%-ით დაეცა. დღეისთვის ერთი დოლარი 202,000 ბოლივარი ღირს. ამ გაუფასურების გამო, ვენესუელაში საშუალო ხელფასი თვეში $4 დოლარს გაუტოლდა.

დოლარის ყიდვა ვენესუელაში მხოლოდ შავ ბაზარზეა შესაძლებელი, რადგანაც მთავრობამ რამდენიმე წლის წინ თავისუფალი სავალუტო ოპერაციები აკრძალა. ეს კი ხდება ქვეყანაში, რომელიც ნავთობის დამტკიცებული მარაგებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ვენესუელაში უმძიმესი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური კრიზისია. ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მოსახლეობას კურდღლების ყოლისკენაც კი მოუწოდა, რადგანაც, "კურდღლები კურდღლებივით მრავლდებიან", მათი ხორცის მიღება კი იაფი ჯდება. სახელმწიფომ მოსახლეობას "საჯიშე" კურდღლები უსასყიდლოდ გადასცა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

სინამდვილეში კი კრიზისის მიზეზი ქვეყნის მიერ გასული 20 წლის განმავლობაში გატარებული სოციალისტური რეფორმები და საერთაშორისო სანქციები გახდა, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ვენესუელას ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დაუწესა.

მოსახლეობის განსაკუთრებული პროტესტი ნიკოლას მადუროს მიერ პარლამენტისთვის უფლებების ჩამორთმევას და მთავრობის მხარდამჭერებით დაკომპლექტებული "საკონსტიტუციო ასამბლეის" დაფუძნებისთვის გამართულ არჩევნებს მოჰყვა.

სახელმწიფომ პროტესტის ჩასახშობად სამხედროებიც გამოიყენა, გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს 164 ადამიანი ემსხვერპლა 15,000 კი დაშავდა.

კომენტარები