63 მომხრე, 50 წინააღმდეგი - პარლამენტმა მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლებას ითვალისწინებს.
უფრო კონკრეტულად:
დღეს მოქმედი კანონმდებლობით (მაუწყებლის შესახებ კანონი, 64-ე მუხლი), საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება მხოლოდ "სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს აქვს. ამ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს, ხოლო ყოველ საათში – 6 წუთს".
საკანონმდებლო ცვლილებით, ამ მუხლს დაემატება პუნქტი, რომლის თანახმადაც დასაშვები გახდება გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა.
65-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით კი, მცირდება სოციალური რეკლამისთვის განკუთვნილი დრო. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები მმართველი გუნდის წევრები არიან.
საკანონმდებლო ცვლილებებს კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან და თვლიან, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს სარეკლამო ბაზარზე და კერძო მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
ამ საკანონმდებლო ცვლილებებს კერძო ტელეკომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან. მათ საქართველოს პრეზიდენტს კანონზე ვეტოს დადებაც სთხოვეს.





