2017 წლის ნოემბერში იმპორტმა $757.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტია. ექსპორტი კი $236.7 მილიონს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტია. ამის შესახებ საქსტატის წინასწარი ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
ნოემბერში გაზრდილი იმპორტის შედეგად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის) $521 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც 2016 წლის მაჩვენებელს 21%-ით აღემატება. ნოემბერში ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა გაზრდილი სავაჭრო დეფიციტიც იყო, თუმცა ლარის კურსზე მოქმედი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ მოიპოვება, ესენია: ინვესტიციები, ტურიზმი (მათ შორის შემომსვლელი და საქართველოდან გამსვლელი) და ფულადი გზავნილები.
2017 წლის 11 თვეში ექსპორტი $2.4 მილიარდი დოლარი იყო (27.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $7.1 მილიარდი დოლარი (8.8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში $4.7 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 დეკემბერს. ამ დღეს გაირკვევა თუ რა საქონლის ექსპორტი/იმპორტი გაიზარდა.





