მიხეილ სააკაშვილი

აქციის მონაწილეებმა სააკაშვილი პოლიციის მანქანიდან გადმოიყვანეს

Life.ru

კიევში, აქციის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილი პოლიციის მანქანიდან გადმოიყვანეს. კადრში ჩანს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდნეტს ცალ ხელზე ხელბორკილი აქვს.

სააკაშვილი აქციაზე სიტყვით გამოვიდა.

„მე დავდებ საკუთარ სიცოცხლეს უკრაინის თავისუფლებისთვის და ოლიგარქი ბარიგებისგან გათავისუფლებისთვის. მინდა ყველა კიეველს მოვუწოდო გამოვიდნენ ქუჩაში“, - განაცხადა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.

სააკაშვილმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას მოითხოვონ პრეზიდენტის იმპიჩმენტი და პასუხი ხალხის დამცირებისთვის.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დღეს, 5 დეკემბერს დააკავეს. უკრაინული მედიით პირდაპირ ეთერში გადაიცა კადრი, რომელშიც ჩანს, რომ სააკაშვილს სპეცრაზმის წევრები სახურავზე აკავებენ. სააკაშვილის facebook გვერდზე დაიწყო პირდაპირი ეთერი, რომელშიც ასახულია თუ როგორ გაყავთ სამართალდამცავებს ის შენობიდან.

სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით პოლიციის მიკროავტობუსში ჩასვეს, თუმცა ავტომობილი ადგილიდან ვერ დაძრეს, რადგანაც სააკაშვილის მხარდამჭერებს ქუჩა გადაკეტილი აქვთ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე. აღნიშნული მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. აღნიშნული მუხლი სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, "მთავარ პროკურატურას უკრაინის გენერალური პროკურატურისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია". რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას, უწყებაში ამბობენ, რომ მათ უკრაინისათვის სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე შუამდგომლობა ისედაც გაგზავნილია. 

კომენტარები