პატრიოტთა ალიანსი 17 სექტემბრიდან საპროტესტო აქციებს იწყებს. პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, აქციების მთავარი მოთხოვნა საკონსტიტუციო ცვლილებებს და "ქართული მიწის დაცვას" უკავშირდება.
“ჩვენ ვხედავთ მცდელობას, კონკრეტულად ჩვენი პარტიის მიერ ორგანიზებულ ამ აქციასთან მოხდეს ყველა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის დაკავშირება. ხელისუფლების PR-მრჩევლები მიზანმიმართულად აბამენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რასაც სინამდვილეში აქვს ორი განუხორციელებელი მიზანი. პირველი - ხალხმა იფიქროს, რომ ჩვენ გვერდით თითქოს იდგება "ნაც მოძრაობა" და ბოკერია, რაც ვიმეორებ, არის აბსურდი, კომედია და ტყუილი. მეორე, დასავლეთმა იფიქროს, თითქოს არა ერთი კონკრეტული პარტია, არამედ რამდენიმე პარტია უწევს ორგანიზებას ამ მასობრივ აქციებს,“- განაცხადა ინაშვილმა.
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი მიმართავს სხვა პარტიებს, რომ საპროტესტო აქციები მათგან დამოუკიდებლად ჩაატარონ. ირმა ინაშვილის თქმით, ის არ აპირებს სხვა პარტიებთან თანამშრომლობას.
პატრიოტთა ალიანსის საპროტესტო აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, 17 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. აქციები ასევე გაგრძელდება 24 სექტემბერს, ბათუმში, ხოლო 1-ელ ოქტომბერს ისევ თბილისში. ბოლო, დასკვნითი აქცია 8 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე მოეწყობა.





