პრემიერი: ბორჯომის ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩართულ პირებს პრემიები უნდა მივცეთ

Giorgi Kvirikashvili/fb.com

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში მონაწილეებზე პრემიების გაცემის საკითხი მოაგვაროს. კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას აღნიშნა, რომ ცეცხლის ჩაქრობის პროცესში დაახლოებით 3 000 ადამიანი მონაწილეობდა. 

"მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს იყო ერთობლივი ძალისხმევა და ძალიან კოორდინირებული მუშაობა სახელმწიფო და კერძო უწყებების. მე მინდა ყველა ადამიანს, ვინც იქ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძოდა გამძვინვარებულ სტიქიას, მადლობა გადავუხადო. სტიქიის მასშტაბები ახლა დგინდება და ის იყო ძალიან დიდი. 3 ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩართული ცეცხლის ჩაქრობაში, ესენი იყვნენ ჩვენი მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ჯარისკაცები, ექიმები, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლები, მოსახლეობის ნაწილი და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ძალიან დიდი დახმარება გაგვიწიეს. ტექნიკით, ერთობლივი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით ჩვენ შევძელით და ადამიანების სიცოცხლე და მათი ქონება გადავარჩინეთ განადგურებას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ არსებობდა ტყის დიდი მასივის განადგურების რისკიც.

"ვფიქრობ, რომ ღირსეულად დავძლიეთ ეს გამოწვევა. მინდა ვთქვა, რომ ასეთი გამოწვევის დროს შესაბამისი დასკვნების გამოტანაა საჭირო. მინდა ფინანსთა მინისტრს დავავალო, რომ ვინც იყო ამ სტიქიებში ჩართული, პრემირების საკითხი უმოკლეს დროში იქნას მოგვარებული. მათ ნამდვილად ეკუთვნით წახალისება და ეს არის ბუნებრივი“, - თქვა პრემიერმა.

ბორჯომის ხეობაში ხანძარს თითქმის ექვი დღის განმავლობაში აქრობდნენ.

კომენტარები