ოკუპირებული რეგიონები

რუსი ეპისკოპოსი ცხინვალში ჩავიდა, სადაც 58-ე არმიას ტაძარს უშენებენ

ეპისკოპოსი ლეონიდე და ანატოლი ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარს, ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპისკოპოს ლეონიდეს უმასპინძლა. რუსეთის ეკლესიის იერარქი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობის დასათვალიერებლად ჩამოვიდა. ტაძრის გახსნას წლის ბოლოს გეგმავენ. 

მშენებლობის დათვალიერების შემდეგ რუსმა იერარქმა სამხრეთ ოსეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეკლესია მოემსახურება რუსეთის 58-ე არმიას, იქ მოსამსახურე რუს სამხედროებს, მესაზღვრეებსა და რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს. იერარქმა თქვა, რომ ტაძრის კარი ღია იქნება ოკუპირებული რეგიონის მართლმადიდებელი სამწყსოსთვისაც.

ანატოლი ბიბილოვმა ეპისკოპოს ლეონიდეს მადლობა გადაუხადა ტაძრის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის. ბიბილოვის თქმით, მართლმადიდებელი რწმენა არის ის, რაც სულიერად აერთიანებს სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს. მარიონეტული რეჟიმის ლიდერს სურს, რომ "მართლმადიდებლობა იქცეს იმ საფუძვლად, რომელსაც დაემყარება რესპუბლიკა".

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ახალი ეკლესიის მშენებლობის გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიიღეს და ის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას დაექვემდებარება.

ე.წ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ ღვთისმსახურებისას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არ მოიხსენიებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს. მოსკოვის საპატრიარქო აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას ფორმალურად აღიარებს, თუმცა, საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე სისტემატურად იჭრება.

კომენტარები