ევროპულ საქართველოში რუსეთისათვის ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დახმარების თხოვნას საზოგადოების უპატივცემულობად აფასებენ. გიგი უგულავას თქმით, საქართველოს უამრავი პარტნიორი ქვეყანა ჰყავს, რომლებსაც შეუძლია დახმარება თხოვოს.
"უამრავი ქვეყანაა, რომელიც ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც არ არის ეჭვმიტანილი იმ ტყეების გადაწვაში და ეჭვმიტანილი არის რუსეთი, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ 2008 წელს რუსეთი პირდაპირ იმ ტერიტორიას ბომბავდა. საკუთარ საზოგადოებას უნდა ვცეთ პატივი, ეს ტკივილები ცოცხალია და არ შეიძლება ამ ნოტებზე თამაში, რაღაც გაურკვეველი ნოტების გზავნით. არ არის ამის საჭიროება. ამის საჭიროება არ იდგა, უბრალოდ რაღაცნაირი მექანიკური, გულცივი დამოკიდებულებაა პირველ რიგში საკუთარი საზოგადოების და საკუთარი საზოგადოების ტკივილების მიმართ." - ამბობს უგულავა.
ცნობისთვის, 22 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაცის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ტაბულასთან საუბრისას საქართველოს მხრიდან რუსეთისათვის დახმარების თხოვნის ფაქტი უარყო.
მოგვიანებით, პრემიერმინისტრმა კვირიკაშვილმა თქვა, რომ რუსეთმა ქართულ მხარეს თავად შესთავაზა დახმარება.
ამის შემდეგ, განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო უწყებამ, რომლის მიხედვითაც, დახმარება ქართულმა მხარემ ითხოვა.
გუშინ კი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ხაზაროვამ რუსთავი 2-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთმა ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის თხოვნა შვეიცარიის საელჩოს ქართული ინტერესების სექციიდან მიიღო.
გუშინვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსეთს ნოტა შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გაუგზავნეს.





