ე.წ სახელმწიფო გადატრიალება

გვარამია და ბოკერია სუს-ში დაიბარეს, საქმე ე.წ. სახელმწიფო გადატრიალებას ეხება

ტაბულა

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და პარტია ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

გვარამია სუს-ში ხვალ, 26 აგვისტოს 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს, ბოკერია კი - 17:00-ზე. საქმე 2015 წელს უკრაინულ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ეხება. 

გვარამია ამბობს, რომ ერთადერთი, რაც მას უთხრეს, არის ის, რომ უნდა გააცნონ საქმის დეტალები.

"საქმე ეხება 2015 წელს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს სახელმწიფო გადატრიალებაზე 315-ე მუხლით. ეს არის ჩემი და სააკაშვილის ფარული ჩანაწერის საფუძველზე აღძრული საქმე, რატომ დღეს და რასთან დაკავშირებით, ვერ გეტყვით. ერთადერთი რაც მითხრეს, არის ის, რომ უნდა გამაცნონ საქმის მასალები, რაც უცნაურია, მოწმეს საქმის მასალებს როგორც წესი არ აცნობენ. შეიძლება დამატებითი დაკითხვა სჭირდებოდეთ ან ბრალის დადგენილება უნდა გამაცნონ და ბრალდებულად მცნონ, სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით,"- აცხადებს გვარამია რუსთავი 2-თან საუბრისას.

გიგა ბოკერიამ ამ საქმესთან დაკავშირება ჩვენება 2015 წლის 31 დეკემბერს მისცა. მისი თქმით, ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ეს ჩვევია. 

"ჯერჯერობით რაც ვიცი, არის ის, რომ მთხოვეს მისვლა ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმესთან დაკავშირებით. ხვალ 5 საათზე მივალ და გავიგებ, რა სიახლეებია ამ გრანდიოზულ საქმეზე. ეს არის დემონსტრირება იმ დიდი პრობლემების, რაც გვაქვს, რომ რეალურ საფრთხეებთან და იმ გამოწვევებთან რაც გვაქვს, ამ ხალხს უწევს პოლიტიკური დავალებით ამ სისულელეებზე ჩვენი საერთო რესურსების ფლანგვა. და ხშირად ემთხვევა ხოლმე წინასაარჩევნოდ, მე არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ მაინც. ეს ხალხი, რომლებმაც დაგვიბარეს, არაფერ შუაში არიან, პოლიტიკური დავალების შესრულება უწევთ,"- აცხადბეს გიგა ბოკერია ტაბულასთან საუბრისას. 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ პატრიოტთა ალიანსმა აქციები დააანონსა გიგა ბოკერიას დაპატიმრების მოთხოვნით. 

"ჩვენ საქართველოს პატრიოტები მოვითხოვთ, რომ პარლამენტმა შეაფასოს სააკაშვილების და ბოკერიების მმართველობა, როგორც დანაშაულებრივი რეჟიმი და დააპატიმროს ბოკერია,"- ბუკლეტებს, ამ მოთხოვნით, პატრიოტთა ალიანსი უკვე არიგებს სახლებში. 

ტაბულა ცდილობს დაუკავშირდეს სუს-ს, დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები