ოკუპაცია

ევროპული საქართველო: ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართული სკოლები შეიძლება დაიხუროს

საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურვალეთში
ტაბულა

ევროპულმა საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული სკოლების დახურვის პროცესზე ბრიფინგი გამართა. პარტიის წევრი სერგო რატიანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რათა მათ ყველაფერი გააკეთონ, რომ აფხაზეთსა და ოსეთში ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას განათლების ქართულად მიღების საშუალება ჰქონდეთ.

"გასულ კვირას თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა განცხადება ქართული სკოლების "რესპუბლიკის" საერთო განათლების სისტემასთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ, რაც სწავლების რუსულ მოდელსა და რუსულ ენაზე გადასვლას გულისხმობს.

ანატოლი ბიბილოვი ასევე უკმაყოფილოა, რომ ახალგორის სკოლებში სასწავლო პროცესი, მთლიანად ქართულად და ქართული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. მისი თქმით, სწავლება, იქაც, როგორც ოსეთი დანარჩენ სკოლებში, რუსულ ენაზე უნდა წარიმართოს, ქართული კი შესაძლებელია რიგით საგნად დარჩეს. ამ შემთხვევაშიც სცენარი იგივეა. 2015 წლიდან ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გაუქმდა ქართული სკოლის სტატუსი და ქართული ენა 2-საათიან არასავალდებულო საგნად დარჩა რამდენიმე სკოლის დაწყებით საფეხურზე.

2013 წელს აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა ე.წ. ,"სასკოლო რეფორმა" დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გალის ათი სოფელი და ამ სოფლების სკოლებიც ტყვარჩელის რაიონს მიაკუთვნა, რითაც ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ და ქართული სკოლების რაოდენობა 31- დან 11- მდე შემცირდა, მოგვიანებით, 2015 წლიდან, აფხაზეთში აღარ ფუნქციონირებს არც ერთი ქართული სკოლა. ჩვენი მხრიდან არაერთგზის მცდელობისა, დეტალურად ვერ მოხერხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სკოლებში არსებული პრობლემური საკითხების დეტალური განხილვა. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ვთვლი, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საერთაშორისო ინსტიტუტებში ამ საკითხის აქტუალიზაცია, როგორც ადამიანის ფუნდამენტური ღირებულებების შელახვის ფაქტზე და განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები: 

უპირველეს პრობლემად განიხილოს აღნიშნული ფაქტი და დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოკუპირებული ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც მოსწავლეების, მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების დიდი ნაწილი ეთნიკურად ქართველია და მათთვის მშობლიური ენა ქართულია, ამასთანავე, ყველაფერთან ერთად, ისინი ვერ ფლობენ რუსულ ენას, რომელზეც მათ უნდა მოუწიოთ სწვალების წარმართვა.

2017-18 სასწავლო წლისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღდგეს ქართული სკოლის სტატუსი.

ასევე, რეგიონში მცხოვრები ყველა ქართველი მოსწავლისათვის, დაუყოვნებლივ იქნას მიწოდებული სასწვლო პროცესისათვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი", - ამბობს სერგო რატიანი. 

კომენტარები