მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას აკრიტიკებს. პარტიის ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ცვლილებები არ ეფუძნება მოსახლეობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური სპექტრის კონსენსუსს.
"როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ქართული ოცნების უმრავლესობამ დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია, რომელიც არ ეფუძნება საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების კონსენსუსს. ეს ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების კონსტიტუციაა.
ამ კონსტიტუციით თქვენ - საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წაგართვეს პრეზიდენტის არჩევის უფლება. ამ კონსტიტუციით თქვენ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, წაგართვეს და გადაგივადეს სამართლიანი საარჩევნო წესით საკუთარი პარლამენტის არჩევის უფლება. ეს კონსტიტუცია ითვალისწინებს პირდაპირ შეთქმულებას ქართველი გლეხის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ თქვენ, მიწათმფლობელო გლეხებო, შეგიმცირეს მიწის გაყიდვის სურვილის შემთხვევაში, პოტენციური მყიდველები, ამით გააიაფეს თქვენი მიწა. ის აღარ ჩაიდება ბანკში დამატებითი ფულადი რესურსის მოსაძიებლად. ამით ის გააუფასურეს და კოლექტიური თოფაძეები და ივანიშვილები იაფად შეისყიდიან თქვენს მიწებს.
ეს კონსტიტუცია არ ემყარება საზოგადოებრივ კონსენსუსს. ის უმრავლესობას არ განუხილავს თუნდაც საყოველთაო შეკრებებზე, გამგეობების მოყვანილ ხალხთან. იმიტომ, რომ ის, რაც გამოიტანეს, არსებითად განსხვავდება იმისგან, რაც თუნდაც განხილვის პროცესში იყო.
ამიტომ, ჩვენ გადაუჭარბებლად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღეს ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ თითოეულ თქვენგანს თავზე გადაახია კონსტიტუცია. ამაზე პასუხი შეიძლება, იყოს ერთი - მშვიდად, მტკიცედ, მაგრამ გაბრაზებულები მივიდეთ არჩევნებზე და დავსაჯოთ ქართული ოცნება. დასჯა იქნება ის, რომ საარჩევნო წესით, თუნდაც იმ მრუდე წესით, რომელსაც ის არ ცვლის, გავისტუმროთ იქ, სადაც არის მისი ადგილი", - თქვა უგულავამ.





