საქართველოს ეკონომიკა

თბილისის წილი საქართველოს ეკონომიკაში 73%-ია, მეორე ადგილზე აჭარა იმყოფება

რიყის კომპლექსი
flickr.com

თბილისში საქართველოს ეკონომიკური აქტივობის ორ მესამედზე მეტია თავმოყრილი. საქსტატის უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყნის საწარმოთა ფინანსური ბრუნვის 72.6% სწორედ თბილისზე მოდის. თბილისი დასაქმებულთა რაოდენობითაც ლიდერობს, აქ კერძო საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობის 64% მუშაობს. რეგიონებიდან საწარმოთა ბრუნვის მიხედვით მეორე ადგილზე აჭარაა, რაც აჭარაში არსებული საერთაშორისო კომპანიების, პორტისა და სასტუმროების ბრუნვას უკავშირდება.

2017 წლის პირველ კვარტალში ბიზნესის ბრუნვა 19%-ით გაიზარდა და მან 15.2 მილიარდ ლარს მიაღწია. სექტორებიდან ყველაზე მაღალი ბრუნვა შეინიშნება ვაჭრობის - 7 მილიარდი ლარი, დამამუშავებელი მრეწველობისა 1.6 მილიარდი ლარი და მშენებლობის სექტორებში- 1 მილიარდი ლარი.

საწარმოთა ბრუნვის მიხედვით რეგიონების განაწილება:

  1. თბილისი - 72.6%
  2. აჭარა - 6.5%
  3. ქვემო ქართლი - 6.4%
  4. იმერეთი - 4.5%
  5. სამეგრელო - ზემო სვნაეთი - 3.2%
  6. სხვა რეგიონები - 6.8%

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

  1. თბილისი - 64.9%
  2. აჭარა - 9.1%
  3. იმერეთი - 6.8%
  4. ქვემო ქართლი - 5.6%
  5. სამეგრელო - ზემო სვანეთი - 3.9%
  6. სხვა რეგიონები 10%

კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 2017 წლის პირველი კვარტლისთვის 605 ათას ადამიანს შეადგენს, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 30 ათასით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,0% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,1% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზე.

ბიზნესში დასაქმებული 605 ათასი ადამიანიდან დაქირავებული (კონტრაქტით დასაქმებული) ადამიანების რაოდენობა 570 ათასია. ბიზნეს სექტორში დაქირავებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 5%-ით არის გაზრდილი.

2017 წლის პირველ კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1024,0 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 101,6 ლარით).

კომენტარები