ტრამპის წერილი

ტრამპი კვირიკაშვილს: იმედით შევყურებ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას

twitter.com/realDonaldTrump

ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერმინისტრს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ტრამპის მიერ გამოგზავნილ წერილს საქართველოს მთავრობის ადმინიტრაცია ავრცელებს. ამერიკის პრეზიდენტი წერილში ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობაზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის  პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ შესაძლებლობა მაქვს მოგილოცოთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მტკიცე და აქტიური პარტნიორობა აკავშირებთ, რაზეც ვაშინგტონში თქვენი ვიზიტისას ჩვენ ვისაუბრეთ კიდეც, და ეს პარტნიორობა, ჩემი ღრმა რწმენით, მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო ჩამოყალიბდა დემოკრატიის ლიდერად,რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საქმეში. ამერიკის შეერთებული შტატები მადლობას გიხდით ავღანეთში გაღებული წვლილისათვის, რომელსაც, სამწუხაროდ, მსხვერპლიც მოჰყოლია. ჩვენ ვაფასებთ, რომ ავღანეთში ნატოს უმნიშვნელოვანესი მისიის ფარგლებში, ქართველი მებრძოლები ამერიკისა და საერთაშორისო სამხედრო ძალებთან ერთად მსახურობენ. ასევე ვაფასებთ თქვენს პარტნიორობას ერაყსა დასირიაში ისლამური სახელმწიფოს მძიმე სენის აღმოსაფხვრელად შექმნილი კოალიციის ფარგლებში.

წერილში დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"რეგიონში, რომელიც დაუცველობის პრობლემისა და გარე ძალების მხრიდან წნეხის წინაშე დგას, საქართველო შეუპოვრად და მიზანმიმართულად ადგას საკუთარი მომავლის თავად განსაზღვრის გზას. ჩვენ მომავალშიც მხარს დავუჭერთ თქვენს არჩევანს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობა და დემოკრატია მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითოა. ამერიკის შეერთებული შტატები უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მე და ჩემი ადმინისტრაცია იმედით შევყურებთ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას,რომლის მიზანია ჩვენს ქვეყნებში მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა,"- ნათქვამია დონალდ ტრამპის მილოცვის წერილში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინიტრაცია ავრცელებს.

კომენტარები