აშშ-ისრაელი

ტრამპი ნეთანიაჰუს: ჩვენ მეტი ვართ ვიდრე მეგობრები, ჩვენ დიდი მოკავშირეები ვართ

AP

გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

"დღეს ჩვენ კვლავ ვადასტურებთ ისრაელსა და აშშ-ს შორის მტკიცე მეგობრობას. ჩვენი მეგობრობა თავისუფლების სიყვარულისა და ადამიანური ღირსების რწმენისა საფუძვლებზე დგას. ჩვენ გვსურს, რომ ისრაელში მშვიდობა იყოს. ჩვენ ბევრად მეტი ვართ, ვიდრე მეგობრები. ჩვენ დიდი მოკავშირეები ვართ. ჩვენ წინაშე უამრავი შესაძლებლობაა, ჩვენ ეს შესაძლებლობები ერთად უნდა გამოვიყენოთ. ძალიან ბევრი რამ არის, რაც ახლა შეიძლება მოხდეს და ჩვენ ეს კარგად გვესმის. ვგულისხმობ განვითარებას, ტერორიზმის დამარცხებას და ირანის რეჟიმთან დაპირისპირებას, რომელიც რეგიონს საფრთხეს უქმნის და ამდენ ძალადობასა და ტანჯვას იწვევს", - თქვა დონალდ ტრამპმა. 

ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი ტრამპს მადლობა გადაუხადა გოდების კედელთან მისვლის გამო.

"მე ძალიან ვაფასებ იმ ფაქტს, რომ თქვენ გოდების კედელთან მიხვედით. თქვენ აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტი ხართ, ვინც ეს გააკეთა. ისრაელის ხალხი ამას მიესალმება. მსურს იცოდეთ თუ როგორ ვაფასებ ამერიკის პოლიტიკის შეცვლას ირანის საკითხზე. მინდა იცოდეთ თუ როგორ ვაფასებთ თქვენს გაბედულ გადაწყვეტილებას სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ იბრძოლოთ და ასევე მინდა იცოდეთ თუ როგორ ვაფასებთ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ლიდერობის მორიგ დადასტურებას", - თქვა ნეთანიაჰუმ. 

დღეს, დონალდ ტრამპი ბეთლემში, პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდა. შეხვედრის წინ, ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრეალსა და პალესტინას შორის არსებული სიტუაცია ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა. თუმცა, ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ აბასთან შეხვედრა გარკვეულ შედეგს გამოიღებს.

კომენტარები