ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვისთვის, აფთიაქების 18 ხელმძღვანელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის, 36 ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, "დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 36 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის, არასრულწლოვან პირებზე, სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდნენ".

გამოძიების ინფორმაციით, 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, აფთიაქებმა რეცეპტის გარეშე გაყიდეს 14 590 866 ერთეული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული-ფსიქოტროპული მედიკამენტი.

"ამით, აფთიაქის ხელმძღვანელმა პირებმა უკანონოდ მიიღეს ჯამში, 15 011 488 ლარის ოდენობის შემოსავალი“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები