საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლო ტაძრების მშენებლობის დღგ-სგან თავისუფლებას განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობისთვის გაწეული მომსახურების დღგ-ის გადახდისაგან გათავისუფლების კონსტიტუციურობას განიხილავს.

შესაბამისი კონსტიტუციური სარჩელი სასამართლომ არსებითად განსახილველად 23 მარტს მიიღო.

მოსარჩელეები არიან: საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია, ქრისტეს ეკლესია, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ქრისტიან - ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, წმინდა სამების ეკლესია.

მოსარჩელეები ასაჩივრებდნენ შეღავათებს, რასაც საქართველოს საგადასახადო კოდექსი მართლმადიდებელ ეკლესიას მოგების, ქონების და დამატებითი ღირებულების გადასახადდთან მიმართებაში აძლევს.

მათი მტკიცებით, საგადასახადო კოდექსი შეღავათებს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიასთან მიმართებით ან მის სასარგებლოდ აწესებს, რის გამოც სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, უთანასწორო მოპყრობას ადგენს.

საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობისთვის გაწეული მომსახურების, რესტავრაციისა და მოხატვისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

საქმეს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

კომენტარები