2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს ექსპორტმა $356 მილიონი შეადგინა, რაც 2016 წლის შესაბამის მონაცემებთან შედარებით 27%-ით მეტია. ამის შესახებ საქსტატის საგარეო ვაჭრობის ანგარიშიდან გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, ექსპორტსა და ფულად გზავნილებში არსებული ზრდა იყო აღნიშნულ პერიოდში ლარის გამყარების ერთ-ერთი მიზეზი, თუმცა გაზრდილი იმპორტი კურსზე კვლავ ნეგატიურად მოქმედებს.
ჯერჯერობით უცნობია თებერვლის ექსპორტის დაზუსტებული მონაცემები, თუმცა იანვრის მდგომარეობით, საქართველოს 10 ძირითადი სავაჭრო საქონლიდან 7-ის ექსპორტი გაზრდილი იყო.
იმ შვიდი საქონლის ჩამონათვალი, რომლის ექსპორტიც გაიზარდა, ასე გამოიყურება:
- სპილენძის მადნები - $33.1 მილიონი, ზრდა 34%
- ფეროშენადონებები - $23.6 მილიონი, ზრდა 611%
- აზოტოვანი სასუქები - $11 მილიონი, ზრდა 65%
- ღვინოები - $10.1 მილიონი, ზრდა 98%
- მედიკამენტები - $10.1 მილიონი, ზრდა 97%
- სპირტიანი სასმელები - $8.7 მილიონი, ზრდა 125%
- მინერალური წყლები - $7.5 მილიონი, ზრდა 35%
ექსპორტის კლება კი სამი მიმართულებით შეიმჩნევა, ესენია: ავტოექსპორტი ($10.8 მილიონი, კლება 11%), ოქრო ($5.2 მილიონი, კლება 0.3%), თხილი და კაკალი ($4.9 მილიონი, კლება 50%)
ექსპორტთან ერთად ზრდის ტენდენციაა იმპორტშიც, იანვარ-თებერვალში მან $1 მილიარდი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 15%-ით მეტია.
იანვარ-თებერვალში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის) $712 მილიონი იყო, რაც სავაჭრო ბრუნვის 50%-ს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის უარყოფით სავაჭრო ბალანსზე $62 მილიონით მეტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 მარტს გამოქვეყნდება.





