ევროპული საქართველო

უგულავა: პარტიის სახელწოდებაში "ევროპული საქართველო" დარჩება

info9.ge

"პარტიის სახელწოდებაში "ევროპული საქართველო" დარჩება", - ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალი პარტიის ყრილობა, სავარაუდოდ, აპრილში ან მაისში გაიმართება.

""ევროპული საქართველო" სახელწოდებაში იქნება იმდენად, რამდენადაც ეს პარტია არსებობს. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ეს სახელი მიიღო, ჩვენ გვქონდა მსჯელობა სახელთან დაკავშირებით, იყო სხვადასხვა ვერსიები. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელობასთან, სადაც ჩვენ ვაპირებთ გაწევრიანებას იმიტომ, რომ ჩვენი პარტია არის მემარჯვენე-ცენტრისტული და სწორედ ამიტომ ეკუთვნის იმ ოჯახს, რომელსაც EPP წარმოადგენს", - ამბობს უგულავა.

თბილისის ყოფილი მერის თქმით, ახალი პარტია აპირებს ადგილობრივ არჩევნებში აქტიურ მონაწილეობას და ქართული ოცნებისთვის „მწვავე ოპონირების გაწევას“.

"ბუნებრივია, ჩვენ გვეყოლება კანდიდატები ძირითად ქალაქებში და მაქსიმალურად შევეცდებით, წარმოდგენილი ვიყოთ საქართველოს ყველა რაიონში იმიტომ, რომ ჩვენ, ევროპული საქართველო ვართ დღეს რეალური, ერთადერთი ყველაზე მძლავრი ალტერნატივა ქართული ოცნების, ვისაც აქვს შესაძლებლობა, საზოგადოების სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველზე გავიდეს. ამიტომ, ჩვენ ამ არჩევნებზე ვაპირებთ, რომ ძალიან მწვავე ოპონირება გავუწიოთ ქართულ ოცნებას", - ამბობს გიგი უგულავა.

უგულავამ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. ის ფიქრობს, რომ ეკონომიკური პრობლემები საქართველოში მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდება.

"ეკონომიკასთან და ლარის კურსთან დაკავშირებულ გამოწვევასთან, მთავრობის პროგრამა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული იქნება. ეს უკვე დღესაც ჩანს და ამ ერთი წლის განმავლობაში სამწუხაროდ კიდევ უფრო გამოჩნდება და თითოეული ადამიანი ამის ნეგატიურ ეფექტს იგრძნობს. აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით მივდივართ. მე და ჩვენი გუნდი ვფიქრობთ, რომ სამწუხაროდ, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკის პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება. არანაირი ხედვა და პოლიტიკური ნება არ არსებობს იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგას. ის ნაბიჯები, რომელიც მთავრობამ შემოგვთავაზა, უკუეფექტს იქონიებს და არანაირ ხელშესახებ გაუმჯობესებას მოსახლეობას არ მოუტანს. ასეთ ფონზე პრობლემები უკვე დამძიმებულია კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებითაც. პოლიტიკა არის აბსოლუტურად რადიკალიზირებული და თუ არ მოხდა რადიკალური ელემენტის პოლიტიკიდან გატანა, ეკონომიკა კვლავ პოლიტიკის მძევალი დარჩება. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ სწორედ პოლიტპატიმრების თემას", - განაცხადა უგულავამ და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დასრულდეს ზეწოლა რუსთავი 2-ზე.

"თუ ეს თემა გადაწყდა სიტყვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ, კიდევ უფრო მეტად რადიკალურს გახდის საქართველოს პოლიტიკას. ეს არის ის თემები, რომლებიც უშუალო გამოწვევებია მომავალი ერთი წლის განმავლობაში და ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი", - ამბობს გიგი უგულავა.

დღეს, 15:00 საათზე პარტიის პრეზენტაცია გაიმართება.

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 12 იანვარს გაიყო. დეპუტატებმა, რომლებაც ენმ დატოვეს, პარლამენტში ორი ფრაქცია "ევროპული საქართველო" და "ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისთვის" შექმნეს.

კომენტარები