სტრასბურგის სასამართლო

ევროსაბჭომ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეების სია ჩააგდო

საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლედ წარდგენილი სამივე კანდიდატურა ევროსაბჭომ ჩააგდო. საქართველოს ხელისუფლებამ თავიდან უნდა ჩაატაროს კონკურსი და ახალი კანდიდატები გაგზავნოს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის თქმით, მოსამართლეების არდამტკიცების მიზეზი, შესარჩევი კონკურსის არაკვალიფიციურობა იყო. 

"სამივე კანდიდატურა ჩააგდო ევროსაბჭომ. მიზეზი გახლდათ ის, რომ კანდიდატების შერჩევის კონკურსი არ იყო ჩატარებული კვალიფიციურად. ეს არის ხელისუფლების არაკომპეტენტურობის კიდევ ერთი დადასტურება და კერძოდ, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, არაკომპეტენტურობის, რადგან სწორედ ის თავმჯდომარეობდა შესარჩევ კომისიას. ამ კომისიამ იმუშავა აბსოლუტურად გაუმჭვირვალედ. სამოქალაქო საზოგადოებისთვის და პრინციპში, ყველასთვის გაურკვეველი იყო, რა კრიტერიუმების მიხედვით მოხდა კანდიდატთა შეფასება და როგორ შეირჩა საუკეთესო სამი კანდიდატი. ევროსაბჭომ ერთხელ უკვე არ დაამტკიცა აღნიშნული სია და იანვრისთვის გადადო განხილვა, დღეს კი ეს სია საბოლოოდ ჩააგდო და დაუბრუნა მთავრობას. მათ ხელახლა უნდა ჩაატარონ კონკურსი და ხელახლა უნდა წარადგინონ სია. ეს არის საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი, რადგან ელემენტარულად კონკურსის ორგანიზება ვერ შეძლეს, ამგვარ შემთხვევას საქართველოში ადგილი არ ჰქონია,“- ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ოთარ კახიძე. 

საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სია ასე გამოიყურებოდა: ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი. მოსამართლეებს ევროსაბჭოს 1-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. 

საპარლამენტო უმცირესობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არჩეულ კანდიდატებს ნდობას არ უცხადებდნენ. 

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს - ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ეწურება.

კომენტარები