ძალადობა

გირო კრედიტის დამფუძნებელმა გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა

გირო კრედიტის დამფუძნებელმა გიორგი გუგუმბერიძემ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. ბიზნესმენი სამართალდამცველებს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. გუგუმბერიძე ამბობს, რომ მისი ოფისის გარე კადრები სამართალდამცველებმა ნებართვის გაცემამდე სამი საათით ადრე ამოიღეს.

"მოხდა დანაშაული, მათ სურდათ, ამოეღოთ ჩანაწერები ნებართვის გარეშე. ამოიღეს კიდევაც ჩანაწერები, მაგრამ მაშინაც არ ჰქონდათ ნებართვა. ნებართვა მოიტანეს დაახლოებით დილის 5 საათზე. მქონდა საუბარი პროკურორთან, რომელმაც დამიდასტურა, რომ გადაწყვეტილება კამერების ამოღებასთან დაკავშირებით გასცა დილის 5 საათზე, ხოლო ჩანაწერები ღამის ორ საათზე ამოიღეს", - ამბობს ბიზნესმენი.

გირო კრედიტის დამფუძნებლის თქმით, მას 9 იანვარს ღამით სამართალდამცველები დაუკავშირდნენ და გირო კრედიტის ოფისის გარე კადრების გადაცემა დანაშაულის გახსნის მიზნით სთხოვეს. გუგუმბერიძე ამბობს, რომ კადრების მისაღებად უწყების თანამშრომლები მის სახლში მივიდნენ, ბიზნესმენმა მათ შესაბამისი ნებართვის წარდგენა და ოფისში შეხვედრა მოსთხოვა, რის შემდეგაც ის სამართალდამცველებმა ჩანაწერების გადაცემაზე უარის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

"პოლიციის უფროსმა უთხრა სახელი და გვარი, წამოდგა, მიუახლოვდა და ყვირილი დაუწყო, რომ სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ლომბარდის ხელმძღვანელებივით უნდა ეთანამშრომლა პოლიციასთან და დოკუმენტების გარეშე უნდა გადაეცა ჩანაწერები. პოლიციის უფროსმა ეძახა გაზულუქებული და დაემუქრა ბიზნესის გაუქმებით, ახლობლებისთვის პრობლემების შექმნით, თანამშრომლების დაკავებით და სხვა. ასევე, დაიწყო გინება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მისამართით და რამდენჯერმე დაარტყა გაშლილი ხელი მარცხენა ლოყაში, თან ექაჩებოდა ტანსაცმელზე, კერძოდ პაჟებზე, რომლებსაც პერიოდულად სწევდა და ხელს უშვებდა. ამის მერე მივიდა სამუშაო მაგიდასთან და გაბრაზებულმა სახეში ფურცლები მიაყარა. შემდეგ ისევ მივარდა და შუბლში მუშტი დაარტყა", - ნათქვამია GDI-ის გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები