ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 3.7 თეთრით, ევროსთან კი 6.8 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

6 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა და ერთი დოლარის ღირებულება 2.7674 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7303 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 3.71 თეთრი შეადგინა. ეროვნული ვალუტა პირველი იანვრის შემდგომ დოლართან მიმართებით 12 თეთრით გაუფასურდა.

ლარი ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა, ერთი ევროს ღირებულება 2.9334 ლარი გახდა. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8649 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროსთან გაუფასურებამ 6.85 თეთრი შეადგინა.

ლარი თურქულ ლირასთანაც გაუფასურდა, ერთი ლირა 0.7661 ლარს შეადგენს, ასევე ლარი გაუფასურდა ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც, ახალი კურსით ერთი ფუნტი 3.4274 ლარი ეღირება.

ეროვნულმა ბანკმა დეკემბრის ბოლოს ლარის სწრაფი გაუფასურების შესაჩერებლად $40 მილიონი გაყიდა. სებ-მა მაშინ განცხადებაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბანკი მზადაა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ბერკეტები კურსის ჭარბი მერყეობის შესაჩერებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას "რაციონალური მოლოდინები განაპირობებს". სებ-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბანკი ინფლაციური მოლოდინების ზრდის შემთხვევაში მზადაა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ გაამკაცროს.

კომენტარები