ბლოგი

ქართული პარტიული პოლიტიკის შუქ-ჩრდილები ენმ-ის მაგალითზე

ბოლო დროს სოციალური ქსელები ენმ-ის შიდა სამზარეულოს გარჩევის ასპარეზი გახდა. მე არ მჯერა ახალი ტექნოლოგიების სასწაულმოქმედი ძალისა და იმის, რომ ფბ ეპოქაში პოლიტიკური ტექნოლოგიები, ელიტის არსი და მასასთან ურთიერთმიმართება უკანმოუხედავად შეიცვალა. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია არნახულად გაადვილდა, მაგრამ ადამიანური ვნებები ისევ ადამიანური ვნებებია და მეტ-ნაკლებად იგივე მოხდებოდა, მხოლოდ ტელევიზიის, გაზეთის და მიტინგების ამარა რომ ვიყოთ. ბოლოს ისევ მიტინგზე (ყრილობაზე) გადაწყდება ყველაფერი. გადასაწყვეტი კი არსებითი საკითხებია. მაგრამ რახან მათზე საჯარო მსჯელობაზე „ხსნილია“, მეც ყრილობამდე ვიტყვი ჩემს სათქმელს.

ერთი მხრიდან, პარტიის დღევანდელ „ისტებლიშმენტს“ დევნილი ლიდერის ღალატს, ამომრჩეველთა ძაგებას და ე.წ. რევოლუციური პასიონარობის დაკარგვას აბრალებენ, მეორე მხრიდან კი იმას იძახიან, რომ მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო პათოსმა დისონანსი შეიტანა პარტიის რიტორიკაში, ტაქტიკაში: თავისდაუნებურად, იგი ხელისუფლების დეზინფორმაციულ კამპანიას დაეხმარა, თითქოსდა 8 ოქტომბრის მერე „მეორედ მოსვლა“ დაიწყებოდა. შედეგად, პოსტსაბჭოთა ქართველი მეშჩანი დაფრთხა. არის მესამე მხარეც, რომელიც ყველას ერთობისა და კომპრომისებისაკენ მოუწოდებს (იხ. გია ბარამიძის 12 ნოემბრის ფბ პოსტი).

მოვლენების ერთგვარ ტრიგერთა შორის (თუმცა არა მიზეზთა, რაზეც საუბარი მექნება) ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს ბოლო სხდომა ჩაითვალა. პოლიტიკურმა საბჭომ, რომელსაც მხარდამჭერები მას მერე ყველა ბრუნვაში ატრიალებენ, სამი გადაწყვეტილება მიიღო: არჩევნების წაგების მიზეზთა ანალიზის დაწყებაზე, ყრილობის მომზადებაზე და განცხადება. ეს უკანასკნელი ორ რამეზე, ენმ-ის ამომრჩეველთადმი მადლიერებასა და იმათგან გამიჯვნაზე საუბრობს, ვისაც პოლიტსაბჭოში ფულზე გაყიდული მოღალატეები ეგულება. ჰოდა, რა მინდა ვთქვა: როცა მავანი ჩემს თანამებრძოლს, პოლიტიკურად უფროს მეგობარს, ვის გამოც პარტიაში შევედი, ფულზე გაყიდულ მოღალატეს უწოდებს, ან უნდა დავუჯერო, ან გავემიჯნო. მესამე გზა შეუძლებელი მგონია. ჰოდა ვემიჯნები, როგორც პოლიტიკური საბჭოს წევრი. ჩემთვის ასეთი განცხადება ბოლშევიკურ პათოსს არანაირად არ გამოხატავს, სულ პირიქით: ღალატზე უაპელაციოდ მოსაუბრენი მგონია ბოლშევიზმის კულტურული (არა იდეური, კულტურული) მემკვიდრეები.

ახლა კი იმაზე, თუ რატომ წავაგეთ და როგორ მოვიწვიოთ ყრილობა (ანუ, პოლიტიკური საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებებს მივყვები ჩემი აზრების გადმოსაცემად):

წაგების მიზეზებზე

„წავაგეთ იმიტომ, რომ გააყალბეს“ სირაქლემას პოზიციაა. გაყალბებაზე მეტად თვალშისაცემი დაშინება და მოსყიდვა იყო. ამან უდავოდ დაგვაკარგვინა რამდენიმე პროცენტი. მაგრამ რა ვქნათ, თუ საზოგადოების რაღაც ნაწილი ყოველთვის იყიდება ან დაშინებას ექვემდებარება? ერთი გზა - ისევ საარჩევნო კანონმდებლობის რევიზიაა. ყოველ შემთხვევაში, ისეთ დროს, როცა არჩევნებზე მოსულთა 27% (ოფიციალური) ან 30-32% (სავარაუდოდ, რეალური) გიჭერს მხარს, მილიარდერი ივანიშვილის მხარეს კი 48% (ოფიციალური) ან 45-43% (სავარაუდოდ, რეალური) დგას, ეუთო კი არჩევნებს „აპრავებს“, ხელისუფლებაში მყისიერ დაბრუნებაზე ფიქრი ილუზიაა: ბოიკოტით ამის მიღწევა კი ამერიკაში ჰილარის მომხრეთა პოსტსაარჩევნო აღშფოთებებზე უფრო დიდი გულუბრყვილობა. ჩათვალეთ ეს აზრი ჩემს არაპასიონარობად, როგორც პარტიის გულმხურვალე ახალგაზრდა აქტივისტი, ალეკო კვახაძე, თავის 13 ნოემბრის ფბ პოსტში თვლის. 

შესაბამისად, მიმაჩნია, რომ არჩევნების წაგების მიზეზები უფრო ღრმაა. არ მინდა იმის გარჩევა, დააფრთხობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო პათოსი პოტენციური ამომრჩევლის ნაწილს. ეს პათოსი ორი სიტყვით გამოიხატება ფრაზაში „მე გადმოვცურავ ზღვას“. იქნებ დროული იყო მიშასგან ამის თქმა, ეგებ ნაადრევი. არ ვიცი. ჩემთვის უფრო მთავარი ისაა, რომ მოსახლეობის მხოლოდ მესამედს აქვს ჩვენდამი რაიმენაირი სიმპათია და ივანიშვილისეულ დეზინფორმაციასთან დაპირისპირების ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში ამ ნიშნულს ვერ გადავაბიჯეთ.

ჰოდა წაგების უფრო სიღრმისეული მიზეზი სამნაირია: ერთი ისაა, რომ დეზინფორმაცია მუშაობს - ტყუილი სიმართლეში ისე იზილება, საშუალოსტატისტიკურ ქართველს მიშაც აფრთხობს, ახალაიაც, ადეიშვილიც, მერაბიშვილიც და რა ვიცი, კიდევ ვინ. მეორე - ქართველთა არცთუ პატარა ნაწილისათვის ნაციონალიზმი სუფრაზე იწყება და მთავრდება. ამ სუფრაზე შეთავაზებული სუვერენული სახელმწიფოებრიობა კი მისთვის გაუგებარი ხილია (ისევე, როგორც დემოკრატია თუ ლიბერალიზმი, მაგრამ ამაზე სხვა დროს). და ბოლოს, რევოლუციურ 2003-2012 წლებს მართლა ახლდა ისეთი ხდომილებები, რომელზეც ლიბერალ-დემოკრატმა ან თვალი უნდა დახუჭოს, ან უარყოფითი აზრი დააფიქსიროს.

ხდომილებებიდან ანუ ნაციონალური მოძრაობის ისტორიული ნაკლოვანებებიდან ვიტყვი მხოლოდ ორს, რადგან ივანიშვილის მიერ გაპიარებულ კონკრეტულ სისხლისსამართლებრივ ფაქტებზე (ნავთლუღისა და კორტების ოპერაციები, გირგვლიანის თუ გელაშვილის საქმეში ხელისუფლების პასუხისმგებლობის დონეებისა და ხარისხების თემა, „კასრები“), ან ბიზნესსამყაროში მიმდინარე გადანაწილებების კანონიერებაზე მკაფიო წარმოდგენების შექმნა შეუძლებელია: კოლექტიური ბესელია ყოველთვის იმას იტყვის, რაც მას აწყობს. მიუკერძოებელი თუ „ბიპარტიზანული“ (ორპარტიული) გამოძიება მიუღწეველია. ეს ორი, მართლაც, სისტემური ნაკლოვანება კი შიდაპარტიულ-სახელისუფლო გადაწყვეტილებების უსისტემობა და ძალოვან ბლოკზე სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის სისუსტე იყო. ორივე, საბოლოო ჯამში, ხელშემწყობია იმ ფენომენისა, რასაც ლორდმა აქტონმა მე-19 საუკუნეში მიუძღვნა ტირადა - ძალაუფლება რყვნის.    

ვფიქრობ, ამ პერიოდის რევოლუციურობის გამო, პრობლემა გარდაუვალი იყო. მაგრამ, 2012 წლამდე ეს ვითარება რომ არ გამოსწორდა, ამიტომაც (არა ამიტომ, არამედ ამიტომაც), წავაგეთ, როგორც მაშინ, ისე ახლა. საბედნიეროდ, ამომრჩევლის საგრძნობი ნაწილი იმასაც ხედავს, რომ ნაკლოვანებებს თვისებრივი წარმატებები ახლდა სახელმწიფოს საფუძვლების მშენებლობის საქმეში. მაგრამ ჩვენ ხომ მეტი გვინდა.

მომავალზე (ყრილობა და არამარტო)

პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების თითქმის მესამედის მხარდაჭერა სულაც არაა პესიმიზმის საფუძველი. ნებისმიერ პოლიტიკურ განლაგებაში ეს დიდი ძალაა. საკითხავი ისაა მხოლოდ, მისი გაზრდა და გამარჯვება როგორ უნდა მოხდეს: შეფიქრიანებულთა, უნდობლად განწყობილთა მომხრობით, სხვაგვარადმომზირალ ლიბერალებთან საერთო ენის გამონახვით, ბიზნესწრეების დარწმუნებით, რომ მათ არავინ არაფერს წაართმევს, თუ მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერების ერთგული ბირთვის ემოციებზე აყოლით? კარგია, თუ ეს ბირთვი არ შემცირდა, მაგრამ ამის რეალისტურ გზებზე მისმა „წიაღმაც“ უნდა მოახდინოს რეფლექსირება. მე ყრილობისაგან რეალობისათვის თვალის გასწორებას ველი.

ასევე ველი, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც ამ პარტიის დამფუძნებელი მამა, რომლის სახელი თანამედროვე საქართველოს მშენებელთა ისტორიაში დარჩება, მარტო იმაზე არ ილაპარაკებს, რომ არჩევნები გააყალბეს და 4 წლის განმავლობაში ათას ფათერაკს გამოვლილმა პოლიტსაბჭოს წევრებმა ეს ხმები ვერ დაიცვეს. თუ მან დღეს პარტიული ისტებლიშმენტის წინააღმდეგ მხარდამჭერთა ემოციური ნაწილის წაქეზება გააგრძელა, მე მხოლოდ სინანული შემიძლია გამოვთქვა, რომ ახალ ვითარებას, რომელიც არანაირად არ ჰგავს 2003 წლის რევოლუციურ სიტუაციას, მან ალღო ვერ აუღო. ასე პარტია მართლა გაიყოფა და მომხრეთა რაოდენობის ზრდის ამოცანა გართულდება. მეტიც, ჩემთვის პირადად სრულიად გაუგებარი გახდება სააკაშვილის სამომავლო სტრატეგიაც და ტაქტიკაც, თორემ ლოზუნგები - გავთავისუფლდეთ ივანიშვილისაგან და ა.შ., იცოცხლე, კარგია.

მოკლედ, როგორ ჩატარდეს ყრილობა: რა თქმა უნდა, ყრილობის მონაწილენი პარტაქტივიდან უნდა იყვნენ. ისინი მოვლენ რეგიონული ორგანიზაციებიდან. ყრილობამვე ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიოს ახალი პოლიტსაბჭო. სხვა შემთხვევაში იქნება არა პროცედურა და შიდაპარტიული დემოკრატია, არამედ სახალხო ვეჩე ან ყურულთაი, სადაც გადაწყვეტილება ყვირილით უნდა იქნას მიღებული. ასეთი ყრილობები უკვე იყო და ეს არაა წარმომადგენლობითობა. თუ ვინმე თვლის, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევაში რაიმე სხვა, ასევე დემოკრატიული ფორმებია გამოსაყენებელი და პრაიმერის იხსენებს (ალეკო კვახაძე), ეგეც შეიძლება, ოღონდ მგონია, ტექნიკურად ეს მხოლოდ თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში ივარგებს და არა - პოლიტიკური საბჭოს ათეულობით წევრის ასარჩევად. და პრაიმერის თავისი პრინციპები აქვს: კეთილი ვინებოთ, ვიშოვოთ დაფინანსება და მთელ ქვეყანაში გავმართოთ კამპანია კითხვით: ვინ უნდა იყოს დღეს პარტიის თავმჯდომარე, მიშა, გრიშა თუ ალეკო. ოღონდ, მასში მიიღებს მონაწილეობას უკლებლივ ყველა მოქალაქე, ვინც ამის მსურველად დარეგისტრირდება. შევთანხმდეთ და გავაკეთოთ. შედეგი მეც ძალიან მაინტერესებს. თუ ეს გვეძნელება თუ გვეძვირება, ამოცანა ისევ ყრილობას მივანდოთ.

კომენტარები