ბლოგი

რუსთავი 2, ჟურნალისტური სტანდარტები და ახალი ქართული ინტელიგენცია

რუსთავი 2

XX საუკუნის ბოლოდან, დასავლურ სამყაროს ახალ, უცნაურ ფენომენთან მოუწია შეხება. „ახალ ანტისემიტიზმზე“ ვსაუბრობ. ახალი ანტისემიტიზმის მთავარი გამოვლინება ისრაელის ქმედებების კრიტიკა და, ამ გზით, ისრაელის, როგორც სახელმწიფოს, დელეგიტიმაციის მცდელობაა.

ახალ ანტისემიტიზმს იდეურად, ძირითადად, ულტრამემარცხენე იდეოლოგია კვებავს. რა გასაკვირია, რომ ახალი ანტისემიტიზმი ყველაზე ნოყიერ ნიადაგს ევროპისა და ამერიკის მემარცხენე კამპუსებზე პოულობს, სადაც რეალობას მოწყვეტილი აკადემია სხვისი ფულითა და რისკით იდეალური სამყაროს მოდელებს აშენებს. სამყაროსი, რომელშიც რეიგანი ცუდია, ხოლო ჩე გევარა - კარგი; ჯორჯ ბუში სულელია, ხოლო პუტინი - ბრძენი; ნიქსონი ბოროტია, ხოლო მტრის ტანკზე წამოსკუპებული ჯეინ ფონდა - კეთილი.

დიდი ხანია, ანტისემიტიზმი სამარცხვინო სტიგმად იქცა, რომლის მატარებელიც ადგილს ვერ პოულობს წესიერ საზოგადოებასა თუ, ზოგადად, დასავლური ცივილიზაციის მეინსტრიმში. ანტისემიტიზმი ავტომატურ გამარგინალებას იწვევს. ამიტომ ისრაელის, ერთი შეხედვით, ლეგიტიმური კრიტიკა ანტისემიტების ახალ თავშესაფრად იქცა.

როგორც ქართული ოცნების ყველაზე თავგადაკლული მხარდამჭერიც კი იუარებს „ქოცობას“ და დაგარწმუნებთ, რომ მას „არც ოცნება მოსწონს“, ასევე ნებისმიერი ანტისემიტი უარყოფს ანტისემიტობას და გეტყვით, რომ ის უბრალოდ ისრაელის პოლიტიკას აკრიტიკებს და რომ არანაირი ფარული მოტივაცია, გარდა საერთაშორისო სამართალზე, ადამიანის უფლებებსა და სამართლიანობაზე ზრუნვისა, მას არ ამოძრავებს. 

რა კავშირშია ეს ყველაფერი რუსთავი 2-თან?

იმ კავშირში, რომ ზუსტად ასე მოქმედებენ ახალი ქართველი ინტელიგენტები და ქლოზეთებიდან ვერგამოსული (თუმცა, გარე თვალისთვის უკვე დიდი ხნის გაშიფრული) ოლიგარქის მხარდამჭერები, რომლებსაც ოცნებასთან წმინდა სიძულვილი აერთიანებს:

განა ისინი რუსთავი 2-ს ებრძვიან... არა, ბატონებო, რას ბრძანებთ! - მათ ჟურნალისტური სტანდარტები ადარდებთ.

განა ისინი ფარული ჩანაწერების გაკეთებას და გამოქვეყნებას ამართლებენ… როგორ გეკადრებათ! - უბრალოდ, მათ ფარულიც ჩანაწერების შინაარსიც აინტერესებთ და თავისდაუნებურად (აბა, ამას გაცნობიერებულად ხომ არ იზამენ?) ახალისებენ კადრებით მმართველს ვრცელი, აკადემიური დისკუსიების მოწყობით.

...მაშინ, როცა რუსთავი 2-ის პროცესები სიმწვავის პიკში იყო, როცა ძალადობასა და უსამართლობას პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში უყურებდა საზოგადოება, მართლაც ძნელი იყო თავის ისე მოჩვენება, თითქოს ამ ამბების შესახებ არაფერი გსმენოდა, ან იმის მტკიცება, რომ ეს „ორ სუბიექტს შორის დავაა“ (როგორც ასეთ დავებს შეერქვა მაშინ, როცა პუტინი გუსინსკის NTV-ს ართმევდა „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი“ სასამართლოს ხელით).

ამიტომ, ისინი მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ - მართლები ხართ და თქვენკენ ვართო. მერე ხმას ოდნავ დაბლა უწევდნენ და შეწუხებული სახით ამატებდნენ - ოღონდ, ჟურნალისტური სტანდარტებისა რა გითხრათ, ეგ ხომ ჟურნალისტიკა არააო.

შეფასებისას გამოყენებული სტანდარტის დასადგენად, რამდენიმე ასეთი გულშემატკივრისთვის მიკითხავს მათი აზრი, მაგალითად, იმედისა და GDS-ის ჟურნალისტურ სტანდარტებზე. პასუხი, როგორც წესი, ორგვარი იყო: (ა) „არ ვიცი, იმათ საერთოდ არ ვუყურებ“; ან (ბ) „კარგი, რა - მაგათ რა უნდა მოთხოვო?“

ნუ გაგეღიმებათ.

მოდით, ვთქვათ პირდაპირ, მიუკიბ-მოუკიბავად:

ადამიანები, რომლებიც დღევანდელი კონტექსტის გათვალისწინებით რუსთავი 2-ს ჟურნალისტურ სტანდარტებს უწუნებენ, არიან ჩვეულებრივი ქოცები*.

მათ არ ადარდებთ ის, რომ ივანიშვილმა გვარამია უსაფუძვლოდ დაიჭირა;

არც ის, რომ ამ საქმის დიდი მოყვარული ოლიგარქი მას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით აშანტაჟებდა;

არც ის, რომ ფარული ჩანაწერების არცერთი გადამღები და გამავრცელებელი  პასუხისგებაში მიცემული არაა (სხვათა შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება ადრეც ხდებოდა და დღესაც გრძელდება, აი, გავრცელება და ამ კადრებით პოლიტიკის კეთება კი ივანიშვილის ექსკლუზივია);

არც ის, რომ რუსთავი 2-ის შენობაში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებისთვის ტელევიზიიდან გათავისუფლებული პირი, მადლობის ნიშნად, სახელმწიფო სამსახურში აიყვანეს და დააწინაურეს;

არც ის, რომ რუსთავი 2-ის ფინანსურად მოსახრჩობად სპეციალურად შეცვალეს სარეკლამო კანონმდებლობა;

არც ის, რომ სატელევიზიო რეიტინგების მზომავ კომპანიას „დეპოლიტიზებული“ საგადასახადო შეუგზავნეს, რათა რეიტინგებით მანიპულირებისა და, შესაბამისად, სარეკლამო შემოსავლების მართვის საშუალება ჰქონოდათ;

არც ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გასახედნად პარასკევს ღამით სპეციალური კანონი მიიღეს (პარლამენტის თავმჯდომარის აქტიური მონაწილეობით) და ეს ინსტიტუტიც პრაქტიკულად დაანგრიეს (მათ ენაზე, „გააჯანსაღეს“. ლარივით);

არც ის, რომ რუსთავი 2-ისკენ მიმავალ გზაზე, კანონმორჩილების ვალდებულებისგან გათავისუფლებული სასამართლოის ნარჩენებიც დაიფერფლა და ხელში ძველი, ტოტალურად კორუმპირებული კანტორა შეგვრჩა;

არც ის, რომ რუსთავი 2-ზე საუბრისას, შეუძლებელია, ეროსი კიწმარიშვილის გვამზე არ წაბორძიკდე და სინდისმა არ შეგაწუხოს, რომ ამ თემაზე რაიმე სხვა კონტექსტში ლაპარაკობ.

...მათ უბრალოდ სძულთ „9წელი“ - დრო, როცა ხელისუფლებასთან მიმართებით არ ჰქონდათ ინტელექტუალური უპირატესობის განცდა და როცა უკმაყოფილების გამოსახატავად საბაბების ძებნა უწევდათ, რადგან რეალურ მიზეზებს ვერ ამხელდნენ. დრო, როცა მექრთამე შრომის კოდექსზე ყვიროდა, მკვლელი - ადამიანის უფლებებზე, კარის ჟურნალისტი - მედიასტანდარტებზე და ა.შ.

აბა, იმას ხომ არ იტყოდნენ, ქრთამის აღება, „კაი ბიჭების“ თავისუფლად სუნთქვა და ხელისუფლებასთან ინტიმური სიახლოვით განპირობებული საკუთარი მნიშვნელოვნების განცდა მოგვენატრაო?

როგორც 2011 წლის 26 მაისის ნაბახუსევზე დაწერილ ერთ სტატიაში იყო აღნიშნული:

„ქართველი ინტელიგენტების უკმაყოფილების მიზეზი სინამდვილეში სხვაგანაა და ძირშივე არადემოკრატიულია. რა უნდა ამ ხალხს? მათ უნდათ, ვეგეტარიანელის სახელი ჰქონდეთ, მაგრამ ყოველ საღამოს ვახშამზე სტეიკს მიირთმევდნენ. მათ უნდათ, ბეწვის ქურქები ეცვათ, მაგრამ ცხოველთა დაცვის საზოგადოებებს თავმჯდომარეობდნენ. მათ უნდათ, პროლეტარის იმიჯით ამაყობდნენ, მაგრამ არისტოკრატის ცხოვრებით ტკბებოდნენ. მათ უნდათ მშვიდობა, მაგრამ არ უნდათ იარაღი, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფს. მათ უნდათ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს „ერთმორწმუნე-ევრაზიული“. მაგრამ ყველაზე მეტად მათ უნდათ „ღვაწლის“ აღიარებაზე დაფუძნებული იმუნიტეტი, პრივილეგიები და მონოპოლია კეთილისა და ბოროტის განსაზღვრაზე“. 

ამიტომ, არ დაგვაბნიოს უცხოელ ავტორთა ციტატების სიუხვემ, რთულმა ქვეწყობილმა წინადადებებმა და „ღრმა“ ანალიზმა. ამ ყველაფრის მიღმა, წითელი საბჭოთა ინტელიგენციის სახელოვანი ტრადიციების გამგრძელებელი ახალი ქართული ინტელიგენციაა - უკეთეს შემთხვევაში, „სასარგებლო იდიოტები“, უარესში - ახალგაზრდა რეზოამაშუკლები და ქეთიდოლიძეები.

ამაოდ ნუ შევეცდებით მოვიგოთ ამ, ფუნდამენტურად არაკეთილგანწყობილ ადამიანთა გულები. არამედ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, რადგან სწორედ ესაა პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და ვიბრძოლოთ ეროვნული და პიროვნული თავისუფლებისთვის. და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

* ქოცი - ის, ვინც თვლის, რომ მიუხედავად ყოველდღიური მკვლელობებისა, ადამიანთა გატაცების და დაუთოების ფაქტებისა, მიუხედავად შიშისა, რომ შეიძლება ოცნების მადლით თავისუფლებაზე მყოფმა რომელიმე თავზეხელაღებულმა უცებ ავტომატი ამოიღოს და ჩაგცხრილოს, მიუხედავად ბანკების ყოველკვირეული დაყაჩაღებისა თუ შეკვეთილი მკვლელობების დაბრუნებისა - ჯამაჰირია მაინც „თვისებრივი ცვლილებაა დადებითისკენ“.

კომენტარები